რუსეთ-სომხეთი

რუსეთის მიერ დომინირებული ევრაზიული კავშირი სომხეთს წევრობის შეჩერებით ემუქრება

რუსეთის მიერ დომინირებული ევრაზიული ეკონომიკური კავშირი სომხეთთან ურთიერთობის გადახედვას იწყებს მას შემდეგ, რაც ერევანმა ევროკავშირთან დაახლოების კურსი აიღო.

Reuters-ის ცნობით, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა სომხეთს მოუწოდეს, უახლოეს პერიოდში რეფერენდუმი ჩაატაროს და მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, ქვეყანა ევროკავშირისკენ წავა თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩება. ამავე კონტექსტში, 2026 წლის დეკემბრისთვის უნდა მომზადდეს ანგარიში, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სომხეთთან მიმართებით ევრაზიული კავშირის ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებას.

ამ ეტაპზე სომხეთის ევრაზიული კავშირიდან გარიცხვაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმაც თქვა, რომ მოქმედი წესებით ქვეყნის "უბრალოდ გარიცხვა" შეუძლებელია, თუ თავად სომხეთი არ განაცხადებს თანამშრომლობის შეწყვეტაზე.

თუმცა, მოსკოვმა ერევანზე ეკონომიკური ზეწოლა უკვე კონკრეტულ სავაჭრო ნაბიჯებში გადაიტანა. რუსეთმა 22 მაისიდან შეზღუდა სომხური ყვავილების იმპორტი, ასევეშეაჩერა სომხური მინერალური წყლის, "ჯერმუკის", შეტანა და გაყიდვა. 30 მაისიდან კი ძალაში შედის დროებითი შეზღუდვა სომხეთიდან პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის იმპორტზე. რუსეთის უწყებები ამ ნაბიჯებს ხსნიან რუსული კლასიკით: სანიტარული და ფიტოსანიტარული დარღვევებით. 

პარალელურად, მოსკოვი ერევანს აფრთხილებს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გაგრძელების შემთხვევაში სომხეთმა შეიძლება დაკარგოს შეღავათიანი პირობები რუსულ გაზზე, ნავთობპროდუქტებსა და დაუმუშავებელ ალმასებზე. Reuters-ის მიხედვით, სომხეთმა 2025 წელს მიიღო კანონი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ეხება, თუმცა ერევანი ამ ეტაპზე ამტკიცებს, რომ ევროკავშირთან დაახლოება და ევრაზიულ კავშირში წევრობა ერთმანეთს ავტომატურად არ გამორიცხავს.

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა 2023 წლის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღი სრულად დაიბრუნა, ხოლო ერევანმა მოსკოვი უსაფრთხოების ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მას შემდეგ ფაშინიანის მთავრობამ გააძლიერა კავშირები ევროკავშირთან და აშშ-სთან და ფაქტობრივად გაყინა მონაწილეობა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ სამხედრო ბლოკში.

კომენტარები