რუსული კანონი

აშშ: კრემლისგან შთაგონებულ კანონთა განხილვა შეუთავსებელია საქართველოს ევროინტეგრაციასთან

ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებით ეხმაურება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტების განხილვას და წერს, რომ "კრემლისგან შთაგონებული კანონების" განხილვა შეუთავსებელია საქართველოს ევროინტეგრაციის სურვილთან.

"დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი". - წერია განცხადებაში.


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

კომენტარები