კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ყაველაშვილი: ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა, [არველაძე] ამჩატდა, [შანიძე] ამჩატდა

რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ბიძინა ივანიშვილის დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე, მათ შორის, ფეხბურთელი, შოთა არველაძე და ენათმეცნიერი, მზექალა შანიძე "ამჩატდნენ".

"აქ დაასახალეს კლუბები [თბილისის დინამო და გაგრა], ზოგიერთი საზოგადო მოღვაწეც ამჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთა". - თქვა ყაველაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე შოთა არველაძე, თბილისის დინამო, გაგრა, მზექალა შანიძე "ამჩატდნენ" თუ არა ყაველაშვილი პასუხობს:

"არ სჭირდება დაკონკრეტება. კიდევ ბევრი ამჩატდა. კი, კი, ამჩატდა სამწუხაროდ". - თქვა ყაველაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატის შეფასებით ზემოხსენებული ხალხი ცრუ ინფორმაციის გავლენის ქვეშ არიან.

"ეს არის ხელმოცარული პოლიტიკოსების და მასთან მიტმასნილი NGO სექტორის გაფართხალება. ეძებენ მიზეზებს, რომ ვნებათაღელვა გამოიწვიონ საზოგადოებაში და როგორმე მიიტანონ ეს ნეგატივი ჩვენთვის ძვირფას საზოგადოების წევრებამდე. თითქოს კურსი შეცვალა ხელისუფლებამ, რუსულ კანონს იღებს და ევროპაზე უარს გვათქმევინებენ – მსგავსი შეფასებებით. როგორ შეიძლება დავიჯერო, რომ კანონის არსი ვერ გაიგოს ან მზექალა შანიძემ, ან იმ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა და აზრი ვერ გამოიტანონ, რა არის მასში რუსული. ჩემთვის საეჭვო ხდება, რომ ეს ადამიანები ფეიკის სივრცეში არიან და არიან გავლენის ქვეშ". - თქვა ყაველაშვილმა.

კომენტარები