კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

4 დეპუტატი: აქტიურობა ხვალაც საჭირო იქნება – 10:00-ზე პარლამენტთან მოსვლა მნიშვნელოვანია

პარტია ლელოს წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ის, რომ პარლამენტში დღევანდელი ბიუროს სხდომა ხვალამდე გადაიდო, აქციის მონაწილეებისა და საპარლამენტო ოპოზიციის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგია. სამადაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ხვალ 10:00 საათზე პარლამენტთან საზოგადოება მივიდეს და რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატოს.

"დღეს პარლამენტთან ქართველი ხალხის, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს შიგნით ქართული დემოკრატიული ოპოზიციის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, მოხდა ის, რომ პარლამენტის ბიურო ვერ შეიკრიბა და ხვალინდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში რუსული კანონის განხილვა ვერ შეიტანა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესი საბოლოოდ ჩაშლილია. ხვალ 10:00 საათზე ისევ ეცდებიან, რომ ბიურო შეკრიბონ და დღის წესრიგში რუსული კანონის განხილვა შეიტანონ. ამიტომ, პირველი, რაც მინდა, რომ მოგიწოდოთ, არის ის, რომ აქტიურობა ხვალაც საჭირო იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ 10:00 საათზე აქ ვიქნებით, მაგრამ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაც შეუძლია, ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგოს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ქართველი ხალხისთვის ჩვენი ევროპული მომავლის წართმევა სურს". - თქვა სამადაშვილმა პარლამენტში მის ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

სალომე სამადაშვილმა ასევე თქვა, რომ დღეს 18:00 საათზე შემდგომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას შორის კონსულტაციები გაიმართება.

"ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ინიციატივაში მონაწილეობა მივიღოთ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწყებულ პროცესში, იმისთვის, რომ ამ რეჟიმის წინააღმდეგ წინააღმდეგობის მოძრაობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამიტომ, დღეს 18:00 საათზე მნიშვნელოვანი კონსულტაციები გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური ოპოზიციისა და მედიის თანამონაწილეობით. ჩვენ შემდგომ სამოქმედო გეგმას ერთობლივად შევაჯერებთ". - თქვა სამადაშვილმა.

დღეს, 6 მარტს საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "აგენტების" შესახებ კანონების განხილვა მიმდინარეობს. ბიუროს სხდომა კი, რომელიც 15:00 საათზე იყო ჩანიშნული და სადაც პლენარული სხდომის დღის წესრიგში რუსული კანონის განხილვაც უნდა შეეტანათ, 7 მარტის დილის 10:00 საათამდე გადაიდო.


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

კომენტარები