კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ჯაფარიძე რუსულ კანონზე: მისი მიღება ნიშნავს, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი არ იქნება

დღეს თუ ვინმეს კიდევ რაიმე კითხვა დარჩა, სად არის თეთრი და სად არის შავი, სად არის სიკეთე და სად არის ბოროტება, რავიცი, ძალიან რთულია, ასეთ ადამიანებს კიდევ რამეზე ელაპარაკო და რამე გააგებინო. ამ კანონთან მიმართებაში, დასავლეთიდან გასაგებად გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენთან მოდიხართ, ეს კანონი არ უნდა მიიღოთო. და თუ მიიღებთ, ჩვენთან ვეღარ წამოხვალთო. ამას გვეუბნება ევროკავშირი, NATO, აშშ და ყველა. ჰოდა, რა ახსნა სჭირდება, მარტივი გასაგებია. ან ვუჯერებთ ნედ პრაისსა და ევროკავშირს, სადაც გვინდა, რომ წავიდეთ, ან ვუჯერებთ ირაკლი კობახიძეს, როცა რაღაცებს ბოდავს. მემგონი, კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ წუმპეში კიდევ უფრო დიდხანს დავრჩებით. ეს მოკლევადიანად. გრძელვადიანად კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ იარსებებს დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორს რომ ვეძახით, გაქრება. ვიქნებით რუსეთი და ბელარუსი. არჩევანი მარტივია. ან ამ ქვეყანაში ცხოვრებას არ აპირებ და შვილებიანად საქართველოდან გარბიხარ, ან საკუთარ შვილებს მონობაში ცხოვრებისთვის წირავ და ან გარეთ გამოდიხარ და ამათ აჩერებ და ხელისუფლებიდან უშვებ. სხვა არჩევანი არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი თავის მოტყუებაა.

ამბობს პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. დღეს, 6 მარტს საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "აგენტების" შესახებ კანონების განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები