სარკინიგზო ავარია საბერძნეთში

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ავარიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს მოუბოდიშა

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ავარიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს პატიება სთხოვა.

"2023 წელს საბერძნეთში... სხვადასხვა მიმართულებით მიმავალმა ორმა მატარებელმა არ შეიძლება ერთსა და იმავე ხაზზე იმოძრაოს და ვერავინ შეამჩნიოს". - წერს იგი Facebook-ზე. 

დემონსტრაციები საბერძნეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას მოჰყვა, რომლის შედეგადაც 57-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. პირველ მარტს ათენიდან სალონიკში მიმავალი სამგზავრო მატარებელი ქალაქ ლარისასთან სატვირთო მატარებელს შეეჯახა.

პროტესტის ნიშნად მომიტინგეთა მცირე ჯგუფმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რასაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზით უპასუხეს. 

ბოლო სამი დღის განმავლობაში ათენში მიმდინარე საპროტესტო აქციებს 10 000-ობით სტუდენტი და რკინიგზის თანამშრომელი შეუერთდა. ისინი სატრანსპორტო უსაფრთხოების ზომების სათანადოდ დაცვას მოითხოვენ. 

ავარიის შემდეგ, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი, კოსტას კარამანლისი გადადგა.

გადადგომამდე ტრანსპორტის მინისტრმა პირობა დადო, რომ უბედური შემთხვევის გამოძიება გამჭვირვალე იქნებოდა.

კომენტარები