სარკინიგზო ავარია საბერძნეთში

საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

REUTERS/Alexandros Avramidis

საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი. ქალაქ ლარისას საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, დაღუპულთა უმეტესობა 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ. ფიქრობენ, რომ ისინი სალონიკის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, რომლებიც უქმე დღეების შემდეგ ათენიდან ბრუნდებოდნენ. ოფიციალური პირების თქმით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ დააკავეს ადგილობრივი სადგურის სპეციალისტი, რომელიც სიგნალიზაციაზე იყო პასუხისმგებელი. გამომძიებლები ცდილობენ, გაარკვიონ, რატომ იყო ორი მატარებელი ერთ ლიანდაგზე.

"ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ნათესავებთანაა... ერთის გარანტია შემიძლია მოგცეთ - გავარკვევთ ამ ტრაგედიის მიზეზებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს" - თქვა  - თქვა შემთხვევის ადგილზე მისულმა საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა.

ათენი-სალონიკის მატარებელი ქალაქ ლარისასთან სატვირთო მატარებელს შეეჯახა. სამგზავრო მატარებელში 342 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, ხოლო სატვირთოში - ეკიპაჟის ორი წევრი.  

მთავრობის სპიკერმა ჯანის ოიკონომუმ თქვა, რომ ავარიამდე, ორი მატარებელი ერთმანეთისკენ, ერთსა და იმავე ლიანდაგზე, "ბევრი კილომეტრის მანძილზე" მიდიოდა.

"მატარებლები დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ. ერთმა მძღოლმა არ იცოდა, რომ მეორე მოდიოდა", - ამბობს თესალიის რეგიონის გუბერნატორი, კონსტანტინოს აგორასტოსი. მისივე თქმით, ავარიის შედეგად სამგზავრო მატარებლის პირველი ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, ხოლო ორი ვაგონი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, "თითქმის მთლიანად განადგურდა“.

საბერძნეთის მთავრობამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

კომენტარები