სარკინიგზო ავარია საბერძნეთში

საბერძნეთის პრემიერმინისტრი: უბედური შემთხვევა იყო ადამიანური შეცდომის ბრალი

საბერძნეთის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო ავარია ადამიანური შეცდომის ბრალი იყო.

"ყველაფერი აჩვენებს, რომ უბედური შემთხვევა, სამწუხაროდ, ძირითადად ადამიანური ტრაგიკული შეცდომის გამო მოხდა." - თქვა პრემიერმინისტრმა სატელევიზიო მიმართვაში.

ბოლო ინფორმაციით, სარკინიგზო ავარიას 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 72 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა, რომელთაგანაც 15 გაწერეს, 57-ს დაზიანებებზე კვლავ მკურნალობენ, 6 კი კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება.

სამგზავრო მატარებელი, რომელიც ათენიდან სალონიკში მიემგზავრებოდა, ქალაქ ლარისასთან სატვირთო მატარებელს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგზავრო მატარებელში დაახლოებით 350 ადამიანი იმყოფებოდა. 

თესალიის რეგიონის გუბერნატორის, კონსტანტინოს აგორასტოსის თქმით, ავარიის შედეგად სამგზავრო მატარებლის პირველი ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, ხოლო ორი ვაგონი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, "თითქმის მთლიანად განადგურდა“.

"მატარებლები დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ. ერთმა მძღოლმა არ იცოდა, რომ მეორე მოდიოდა", - თქვა გუბერნატორმა.

 

კომენტარები