სარკინიგზო ავარია საბერძნეთში

სარკინიგზო ავარიის შემდეგ საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი გადადგა

2023 წლის 1-ელ მარტს საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგ, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი, კოსტას კარამანლისი გადადგა.

გადადგომამდე ტრანსპორტის მინისტრმა პირობა დადო, რომ უბედური შემთხვევის გამოძიება გამჭვირვალე იქნებოდა.

"ჩვენ აბსოლუტური სიმძიმით, აბსოლუტური გამჭვირვალობით გამოვიძიებთ ამ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზს. რასაც ახლა ვიტყვით, ნაადრევი იქნება და ამით უსამართლოდ მოვიქცევით დაღუპულების მიმართ. ვისურვებდი, რომ ყველანი მშვიდად ვიყოთ [...] ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამოვიკვლიოთ მიზეზი და არაფერი დავტოვოთ იატაკქვეშ." - თქვა მინისტრმა გადადგომამდე.

ამასთან, შემთხვევის ადგილზე საუბრისას კოსტას კარამანლისმა თქვა, რომ დაღუპულების პატივისცემის გამო, ავარიის შესაძლო მიზეზებზე არ ისაუბრებდა.

საბერძნეთის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო ავარია ადამიანური შეცდომის ბრალი იყო.

"ყველაფერი აჩვენებს, რომ უბედური შემთხვევა, სამწუხაროდ, ძირითადად ადამიანური ტრაგიკული შეცდომის გამო მოხდა." - თქვა პრემიერმინისტრმა სატელევიზიო მიმართვაში.

 სამგზავრო მატარებელი, რომელიც ათენიდან სალონიკში მიემგზავრებოდა, ქალაქ ლარისასთან სატვირთო მატარებელს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგზავრო მატარებელში დაახლოებით 350 ადამიანი იმყოფებოდა.

თესალიის რეგიონის გუბერნატორის, კონსტანტინოს აგორასტოსის თქმით, ავარიის შედეგად სამგზავრო მატარებლის პირველი ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, ხოლო ორი ვაგონი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, "თითქმის მთლიანად განადგურდა“.

"მატარებლები დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ. ერთმა მძღოლმა არ იცოდა, რომ მეორე მოდიოდა", - თქვა გუბერნატორმა.

ბოლო ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა.
 

კომენტარები