კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

NGO–ები შსს–ს: შეწყვიტეთ აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ, 2 მარტს საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 36 ადამიანის, მათ შორის, 2 ჟურნალისტის დაკავებას ეხმაურებიან. NGO–ები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა.

"წუხელ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტურმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება. 

დაკავებულთა ნაწილის უფლებებს ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ, თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები გამოიკვეთა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის მინიმუმ 15 პირი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორებში (მონაცემები ზუსტდება). ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მანქანებში ყავდათ და იზოლატორებში მათი შეყვანა მხოლოდ დილიდან დაიწყო. გართულებულია ადვოკატებისათვის და ოჯახის წევრებისათვის დაკავებულთა ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის საკითხიც, რაც აფერხებს ადვოკატთან შეხვედრის, და შესაბამისად, უფლებების დაცვის შესაძლებლობებს. ზოგიერთი დაკავებული საუბრობს ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც დაკავებისას მიიღეს". – წერი განცხადებაში.

არასამთავროო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, რა გახდა დაკავებულთა გარკვეული ნაწილის ამ დრომდე იზოლატორებში დაყოვნების საფუძველი და რატომ არ გათავისუფლდნენ ისინი სხვა პირების მსგავსად ღამით, ხელწერილის საფუძველზე.

"მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების და დაკავების შემდგომი პრაქტიკა არის მიუღებელი და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

NGO–ები მოუწოდებენ შსს–ს: 

  • ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;
  • დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები;
  • დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და  დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებელად არ გახანგრძლივდეს. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:  

  • დროულად შეისწავლოს მედია წარმომადგენლების და დემონსტრანტების დაკავების/სავარაუდო დაზიანების ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
  • უფლებები საქართველო
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG 
  • ქალთა ფონდი საქართველოში
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი 
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • მწვანე ალტერნატივა
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) 

გუშინ, 2 მარტს, პარლამენტის ორმა კომიტეტმა ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

პარლამენტში სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა - შენობაში რუსულ კანონს ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ. მათ განხილვაზე მიმავალი დეპუტატები შეძახილებით გააცილეს. 

აქცია გაიმართა საკანონმდებლო ორგანოს გარეთაც - აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წევრებმა შეკრება პარლამენტის წინ დაიწყეს, შემდეგ კი, სხდომის დასრულების მოახლოებისას, მის გასასვლელებში გადაინაცვლეს, რათა "სირცხვილის დერეფნები" გაეკეთებინათ. ადგილზე პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული. აქციაზე 36 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი და პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი. ისინი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.  

კომენტარები