პარტია საქართველოსთვის

გახარიას პარტია აინიცირებს კანონპროექტს "რუსეთის გავლენისგან დაცვის შესახებ"

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის პარლამენტში აინიცირებს კანონპროექტს "რუსეთის გავლენისგან დაცვის შესახებ". ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. 

"პარტია საქართველოსთვის საპარლამენტო გუნდი ვაინიცირებთ კანონპროექტს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ, რომლის მიზანია, ამ ქვეყანაში რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები გამოაშკარავდეს. ჩვენი კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს [...] ცხადია, ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან კონსულტაციები გვექნება იმისთვის, რომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ". - თქვა ბექა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილი ბრიფინგზე ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებულ "აგენტების" კანონსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება ამ კანონით სამიზნედ არა ოკუპანტ სახელმწიფოს, არამედ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებს აქცევს. ლილუაშვილის განცხადებით, ამ ინიციატივით, საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ ტოლობის ნიშანი დასვას მეგობრებსა და მტერს შორის.

"ეს არის ეროვნული, კონსტიტუციური მიზნის შეცვლა და საგარეო ორიენტაციის არევა, რისი უფლებაც არცერთ ხელისუფლებას არ აქვს და არც ექნება". - ამბობს ლილუაშვილი.


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

კომენტარები