კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

"აგენტების" კანონი დემოკრატიის მიმართულებით ქვეყნის მიღწევებს საფრთხეს შეუქმნის – დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს იმაში მდგომარეობს, თუ რაში სჭირდება საქართველოს ამგვარი კანონი, როცა ის დემოკრატიის მიმართულებით საქართველოს მიღწევებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

"ახალი კანონი არაერთი მხრივ არის პრობლემური. მისი ამოქმედებისთვის ყოველდღე ახალ-ახალ მიზეზებს გვთავაზობენ. თავდაპირველად მიზეზად გამჭვირვალობა დასახელდა, მაშინ როცა ისედაც გამჭვირვალეა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს დახმარება. მისი მიზანი ამერიკული ვარიანტისგან სრულიად განსხვავდება. შემუშავებული კანონპროექტი საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს თანამემამულეების დახმარებაში ხელს შეუშლის. ეს დააბრკოლებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ კლიმატის ცვლილებაზე, ბიზნესასოციაციებს, იურიდიული დახმარების ორგანიზაციებს, ორგანიზაციებს, რომლებიც ახალგაზრდებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხმარებიან... ნათელია, რომ ეს კანონი მსგავსია რუსული კანონმდებლობისა, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და განსხვავებული მოსაზრების ჩაჩუმებაა. ზუსტად ეს დავინახეთ რუსეთის მაგალითზე. იქ ამ კანონმა ეფექტურად იმოქმედა და გააჩუმა სამოქალაქო საზოგადოება. საქართველომ ძალიან ბევრი იშრომა იმისათვის, რომ გაემართა დემოკრატიული ინსტიტუციები, იბრძოლა დემოკრატიისთვის და მოქალაქეთა თავისუფლებისთვის. ეს კანონი ამ კუთხით ქართული საზოგადოების ყველა მიღწევას საფრთხეს შეუქმნის. სწორედ ამიტომ, საქართველოს დიდი ხნის პარტნიორები, როგორებიც არიან აშშ, ევროკავშირი, გაერო და სხვადასხვა ორგანიზაციები ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. ჩემი აზრით, შეკითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს მდგომარეობს იმაში, თუ რაში სჭირდება საქართველოს ეს კანონი". - თქვა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა. 


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება.

კომენტარები