საქართველოს მთავრობა

"ტრაგიკული მოვლენა" – პრემიერი საბჭოთა ოკუპაციის დღეზე განცხადებაში რუსეთს არ ახსენებს

1921 წლის 25 თებერვალს, ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. ხუთკვირიანი ბრძოლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის. 

"1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება. ამავე დროს, 25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს. დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისკენ". - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრემიერმინისტრი რუსეთის ხსენებას ერიდება. 2022 წლის 27 სექტემბერს ღარიბაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთი ნახსენები არ იყო

გასული წლის 26 იანვარს კი ქართული ოცნების მიერ შედგენილ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაშიც არ იყო რუსეთი ნახსენები.

კომენტარები