ჩინეთი

სტოლტენბერგი: ვხედავთ ნიშნებს, რომ ჩინეთი შესაძლოა რუსეთისთვის იარაღის გადაცემას გეგმავდეს

ნატოს გენერალური მდივნის, იან სტოლტენბერგის თქმით, არსებობს ნიშნები, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ჩვენ არ გვინახავს ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის არანაირი ლეტალური იარაღის მიწოდების შემთხვევა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ნიშნები, რომ ჩინეთი, შესაძლოა, ამას განიხილავდეს და ემზადებოდეს ამის გასაკეთებლად. სწორედ ამიტომ, აშშ-მ და სხვა მოკავშირეებმა გარკვევით გააფრთხილეს ისინი. ჩინეთმა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთის არალეგალურ ომს". – ამბობს სტოლტენბერგი.

ნატოს გენერალური მდივნის კომენტარზე ჩინეთის მხრიდან განცხადება არ მოჰყოლია, თუმცა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, აშშ-ს მიერ ნებისმიერი სადაზვერვო ინფორმაციის ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემაზე, რომლის გასაჯაროებასაც აშშ შესაძლოა გეგმავდეს, უბრალო სპეკულაციაა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენოტინი ბლინკენის თქმით, იზრდება საფრთხე, რომ ჩინეთი გეგმავს, რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომში დაეხმაროს.

"ბოლო თვეებში უკვე ვნახეთ ჩინეთის არალეტალური დახმარება, რომელიც პირდაპირ უწყობდა ხელს რუსეთის ომის მანქანის გაძლიერებას. და კიდევ თუ გავითვალისწინებთ იმ ინფორმაციას, რასაც ახლა ვისმენთ და დამატებით დეტალებს, რაც, ჩემი აზრით, მალე ცნობილი იქნება, ცხადი ხდება, რომ ისინი განიხილავენ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევას". - თქვა ბლინკენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მიაწვდის ჩინეთი რუსეთს, ბლინკენმა აღნიშნა, "იარაღს, იარაღს, პირველ რიგში".

"მთელი სპექტრია, რაც ამ კატეგორიაში ჯდება - საბრძოლო მასალიდან დაწყებული იარაღით დამთავრებული". - თქვა ბლინკენმა.

გაეროში აშშ-ს ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინაში საბრძოლველად სამხედრო დახმარებას გაუწევს, ის "წითელ ხაზს" გადაკვეთს. ამის შესახებ ელჩმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"მივესალმებით ჩინეთის სამშვიდობო მოწოდებას. ეს სწორედ ისაა, რის მიღწევასაც ჩვენ მსგავს სიტუაციებში ვცდილობთ. თუმცა ჩვენი მხრიდან ასევე მკაფიო უნდა იყოს, რომ თუკი ჩინეთი ან ნებისმიერი სხვა, აზრად გაივლებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმაში მხარი დაუჭიროს, ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნება. ეს წითელი ხაზის გადაკვეთას ნიშნავს". - თქვა გაეროში აშშ-ს ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა ინტერვიუში. 

ლინდა თომას-გრინფილდის ინტერვიუ ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-მ "შემაშფოთებელი" ტენდენცია შენიშნა ჩინეთის მიერ რუსეთის არმიის მხარდაჭერის მიმართულებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პეკინი "აპირებს ზღვარი გადაკვეთოს" და რუსეთს ფარულად სამხედრო დახმარება გაუწიოს. მედიის ცნობით, აშშ-მ დაზვერვის მიერ შეგროვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოკავშირეებსაც გაუზიარა.

 

კომენტარები