იტალია

"შეგვიძლია, არაყი გავუგზავნოთ" – ზელენსკი ბერლუსკონის განცხადებაზე 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის ექსპრემიერის, სილვიო ბერლუსკონის განცხადებებს გამოეხმაურა. Forza Italia-ს ლიდერი უკრაინაში მიმდინარე ომს ზელენსკის აბრალებს. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა

"მე მოვისმინე ბერლუსკონის განცხადებები. მე მას პირადად არ ვიცნობ. მაგრამ იქნებ ჩვენც უნდა გავუგზავნოთ მას რაიმე. უყვარს არაყი? უკრაინაში ძალიან კარგი ხარისხისაა, ასე რომ, თუ მოინდომებს, გავუგზავნით". – აღნიშნა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იტალიის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების მხარდაჭერა გადამწყვეტია უკრაინისთვის, განსაკუთრებით, კრემლის ინტენსიური დეზინფორმაციული კამპანიის გათვალისწინებით. 

ბერლუსკონი ჯერ კიდევ არჩევნების მიმდინარეობისას, სექტემბერში, ამბობდა, რომ "პუტინს უკრაინაში შეჭრის გარდა სხვა ალტერნატივა არ დაუტოვეს" და მას კიევის ხელისუფლებაში "ღირსეული ადამიანების" დასმა სურდა. ბერლუსკონის ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 

თებერვლიდან მოყოლებული, ბერლუსკონმა რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ შეურაცხყოფილი იყო უკრაინაში პუტინის მოქმედებებით. მან თქვა, რომ ორჯერ სცადა რუსეთის პრეზიდენტისთვის დარეკვა, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ, მისმა პარტიამ მხარი დაუჭირა უკრაინაში იარაღის გაგზავნას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

თუმცა, ბერლუსკონი ჯერ კიდევ ოქტომბერში "ტრაბახობდა", რომ აღადგინა კავშირი პუტინთან და ბოლო, 86 წლის იუბილეზე არაყი და ღვინო გაცვალეს. 

"პუტინმა დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი და თბილი წერილი გამომიგზავნა. პასუხად მე 20 ბოთლი ლამბრუსკო (ცქრიალა იტალიური წითელი ღვინო) და, ასევე, თბილი წერილი გავუგზავნე". - აღნიშნა ბერლუსკონიმ. 

აქამდე, ჯორჯია მელონიმ სილვიო ბერლუსკონი გააფრთხილა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მეგობრობით ამცირებს საკუთარ შანსებს, ჰქონდეს ნებისმიერი გავლენა ახალ მთავრობაზე. 

"ვინც იტალიის დასავლეთთან ყოფნას არ ემხრობა, მთავრობაში ვერ იქნება". - აღნიშნა მელონიმ ბერლუსკონის პასუხად.

მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ იტალიის ახალი მთავრობა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, იქნება NATO-სა და ევროკავშირის მხარდამჭერი.

კომენტარები