აშშ-ტაივანი

ჩინეთთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, აშშ-ს ოფიციალური პირები ტაივანში ჩავიდნენ

ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებმა 4 თებერვალს ჩამოაგდეს.
AP

ორი კვირის წინ ჩამოგდებული ჩინური ბუშტის გამო ვაშინგტონსა და პეკინს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, პენტაგონის უმაღლესი თანამდებობის პირები ტაივანს ეწვივნენ.

Financial Time-ის ინფორმაციით, მაიკლ ჩეისი, ჩინეთთან დაკავშირებით თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ტაივანში ჩავიდა.

ჩეიზი აშშ-ს თავდაცვის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც გაემგზავრა კუნძულზე 2019 წლის ჰეინო კლინიკის ვიზიტის შემდეგ. ჰეილო კლინიკი აღმოსავლეთ აზიაში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო და თავის მხრივ აქამდე პენტაგონის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირად რჩებოდა, რომელიც ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ტაივანს ეწვია.

სამი კვირის წინ ენტონი  ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი გააუქმა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარ გუნდს მსგავსი ობიექტების კონტროლის წესების შემუშავების ბრძანება მისცა. მან ასევე აღნიშნა, რომ მაღალ სიმაღლეზე მფრენი ობიექტების საკითხს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ჩაიბარებს.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ბუშტების საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან საუბარი შეეძლება. 

"იმედი მაქვს, სრულად განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ იმ ბუშტის ჩამოგდებისთვის ბოდიშს არ მოვიხდი". – თქვა ბაიდენმა პირველ ჩამოგდებულ ბუშტთან დაკავშირებით, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 

ჩამოგდებული პირველი ბუშტის ნარჩენების შესწავლით, დადგინდა, რომ დანადგარს სადაზვერვო სიგნალების შეგროვების შესაძლებლობა ჰქონდა. დანარჩენი სამი ჩამოგდებული ობიექტი მასთან შედარებით ნაკლებად მძიმეც იყო.

4 თებერვლის შემდეგ აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში ამერიკის საჰაერო ძალებმა ოთხი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. 

თავდაპირველად აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

საბოლოოდ, 4 თებერვალს აშშ-მ ბუშტი ჩამოაგდო. მისი ნამსხვრევები ჩამოვარდნის შემდეგ მოიპოვეს და საკვლევად წაიღეს. ჩინეთი ნარჩენების უკან დაბრუნებას ითხოვს.

ბოლო წლებში ჩინეთი სტაბილურად ზრდიდა თავისი საჰაერო და საზღვაო ოპერაციების მასშტაბებს ტაივანთან ახლოს. 

აშშ-ის კონგრესმა გასული წლის დეკემბერში განიხილა და მიიღო ტაივანის უპრეცედენტო სამხედრო დახმარება. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მოიცავს 10 მილიარდ დოლარამდე უსაფრთხოების დახმარებას ხუთი წლის განმავლობაში და ტაივანისთვის იარაღის გაყიდვის თვალყურს.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

კომენტარები