უკრაინა

კორუფციული გამოძიების შემდეგ რეზნიკოვი თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებს გეგმავს

Boris Roessler/dpa/picture alliance/Getty Images

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექს რეზნიკოვმა, კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, უწყებაში განახლება და საკადრო ცვლილებები დააანონსა. 

ამის შესახებ მინისტრმა FACEBOOK-ზე დაწერა, რომ მოადგილეების თანამდებობებზე კანდიდატების დასამტკიცებლად დოკუმენტაცია წარადგინა.

"მინდა გაცნობოთ არაერთი აქტუალური გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს საკადრო და სტრუქტურულ განახლებასთან დაკავშირებით მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით. იქნებიან მინისტრის ახალი მოადგილეები. შესაბამისი დოკუმენტები შესათანხმებლად უკვე წარვადგინე".- აღნიშნავს რეზნიკოვი. 

მინისტრს არ დაუკონკრეტებია შესაძლო მოადგილეების ვინაობები და რაოდენობა. 

3 თებერვალს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გახსნა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული სქემა, რომლის ფარგლებშიც ჯარის საკვებით მომარაგებისთვის საჭირო თანხებს ითვისებდნენ. ზარალი 119.5 მილიონ გრივნას უტოლდებოდა.

ამას წინ უსწრებდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც უკრაინის თავდაცვის უწყების გარშემო სკანდალი გამოიწვია. ამ მოვლენების ფონზე, გადადგა მინისტრის მოადგილე. გასულ კვირებში ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ის პასუხს უკვე აგებს ამ სკანდალთან დაკავშირებით საკუთარი რეპუტაციით.

8 თებერვალს უკრაინის უმაღლესმა რადამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის ახალი ხელმძღვანელები, ასევე რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სამი მეთაური დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირებში არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსანის კომენტარი გავრცელდა, სადაც ისინი რეზნიკოვის გადადგომას პროგნოზირებდნენ, იგი ჯერჯერობით თანამდებობას ინარჩუნებს. 

კომენტარები