რუსეთი

კადიროვი აკრიტიკებს რუს გენერალს, რომელმაც პოლონეთთან ომის დაწყება გამორიცხა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გააკრიტიკა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრი ვიქტორ სობოლევი, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი პოლონეთის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებს.

6 თებერვალს რამზან კადიროვი ვარშავას "დენაციფიკაციითა და დემილიტარიზაციით" დაემუქრა და თქვა, რომ უკრაინის შემდეგ რუკაზე პოლონეთია. მისივე თქმით, პოლონეთის სილეზიის რეგიონი "დამოუკიდებელ სტატუსს იმსახურებს" და საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება, რაშიც დახმარება რუსეთს შეეძლება.

კადიროვის ამ სიტყვებთან დაკავშრებით რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა, ვიქტორ სობოლევმა რუსულ მედია НСН-თან 7 თებერვალს ისაუბრა და თქვა, რომ პოლონეთთან ომის დაწყება ნაკლებადაა სავარაუდო, რადგან ის NATO-ს წევრია.

"მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღების ძირითადი უკრაინაში პოლონეთიდან შედის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი პოლონეთის წინააღმდეგ წავიდეს. ეს იმით იხსნება, რომ პოლონეთი NATO-ს წევრია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესების მიხედვით, თუ ჩვენ პოლონეთის წინააღმდეგ ოპერაციას დავიწყებთ, NATO რუსეთთან ომს დაიწყებს. ვფიქრობ, რომ ამაზე არავინ წავა, რადგან, ფაქტობრივად, ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დაწყება, ბირთვული ჯახი". – თქვა სობოლევმა.

ამ სიტყვებმა კადიროვის უკმაყოფილება გამოიწვია. მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე სობოლევის პოზიციას "სირაქლემას პოზა" უწოდა და მას დააბრალა, რომ "ომის წაგებისთვის წინასწარ" ემზადება. კადიროვმა სობოლევის თანამოაზრეებს "პოლონელებისთვის წინასწარ ჩაბარებისკენ" მოუწოდა.

"იცით, ჩემთვის სიტყვა გენერალი ყოველთვის ასოცირდებოდა სიმტკიცის, რკინის ხასიათისა და პატიოსანი პირდაპირობის გარანტიასთან. მაგრამ ახლა ჩემს განცხადებაზე შემხვდა ერთ-ერთი ოფიცრის კომენტარი, რომელიც შეგვიძლია გავუთანაბროთ სირაქლემას პოზას. სწორედ ის გენერალი სობოლევი, რომელიც თბილ ადგილას იჯდა და სანგრებში წვერის ტარების წინააღმდეგი იყო, ჩემს მოსაზრებაზე, სატანიზმთან პოლონეთის ტერიტორიაზე ბრძოლის აუცილებლობის შესახებ, კომენტარის გაკეთების დროს განაცხადა ამ სცენარის შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხის შესახებ.

არ მესმის, მესამე მსოფლიო ომის უნდა გვეშინოდეს, თუ რუსი ხალხის ინტერესს ვიცავდეთ? თუ ვინც ხმლით მოვა ჩვენთან, ხმლითვე წყნარად გავიდეს?...

თუ კიდევ ვინმე, სობოლევის გარდა, თავის ფიქრებში ომის წაგებისთვის წინასწარ ემზადება, დაე პირდაპირ, წინასწარ ჩაბარდეს პოლონელებს და არ დაიწყონ პროევროპული საბარი, რაც ძირს უთხრის რუსული არმიისა და მთელი სახელმწიფოს ავტორიტეტს". – თქვა კადიროვმა.

კადიროვის პასუხს სობოლევი გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოთ ნებისმიერი მტრის ნებისმიერი აგრესიის, მათ შორის NATO-ს მოგერიება, თუმცა, მისივე აზრით, ბირთვული კონფლიქტი დაუშვებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს გატარებული ჯარის რეფორმებმა რუსეთის არმიას ზიანი მიაყენა და დღეს "შედეგს იმკიან". 

კადიროვსა და სობოლევს აქამდე უთანხმოება ჯარში წვერის ტარებასთან დაკავშირებით ჰქონდათ. საბოლოოდ, ჩეჩნეთის ლიდერის კრიტიკის შემდეგ, სობოლევმა ჯარში წვერის ტარება დასაშვებად ჩათვალა.

კომენტარები