რუსეთი

მედია: რუსეთში ეძებენ სოსნოვსკის მანიაკს – ის ომში კოლონიიდან გაიწვიეს და გაიქცა

"სოსნოვსკის მანიაკი" გამომძიებლებს აჩვენებს, როგორ ჩაიდინა ერთ-ერთი დანაშაული

რუსული მედიის ცნობით, ლენინგრადის დასახლება როპშაში 41 წლის ანდრეი კიიკოს, იგივე "სოსნოვსკის მანიაკს" ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობს როგორც პოლიცია, ისე თავდაცვის სამინისტრო. 

როპშის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირი მათ აჩვენებდა სამძებრო პოსტერს. ამ ცნობების მიხედვით, პოსტერზე გამოსახულ მამაკაცში ადგილობრივებმა კიიკო ამოიცნეს.

2000-იან წლებში ანდრეი კიიკო სანქტ-პეტერბურგში. სოსნოვსკის პარკში ქალებს თავს ესხმოდა. ის მათ, ჩვეულებრივ, ზურგიდან ეპარებოდა, კისრით იჭერდა და ყელზე დანას ადებდა. კიიკო ქალებს ძარცვავდა და აუპატიურებდა, მოპარულ ნივთებს კი საკუთარ ნაცნობებსა და ნათესავებს ჩუქნიდა. რამდენიმე მსხვერპლი მოკლა. კიიკოს 15 მსხვერპლიდან 3 დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. 2008 წელს კიიკოს 22-წლიანი პატიომრობა მიუსაჯეს, 2023-ში მისი სასჯელის ვადა 25 წლამდე გაზარდეს, მას შემდეგ, რაც მესამე მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

რუსული მედია 47 News წერს, რომ კიიკომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი 2024 წელს გააფორმა, როცა მას სასჯელის ამოწურვამდე 7 წელი რჩებოდა. 2025 წლის იანვარში ის დაიჭრა და ჯერ როსტოვის, შემდეგ კი კრონშტადტის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. იქ მან ორჯერ სცადა თავდაცვის სამინისტროსთვის სასამართლოში ეჩივლა ომის მონაწილეებისთვის განკუთვნილი კომპენსაციებისა და შეღავათების საკითხზე, თუმცა უშედეგოდ - ერთი სარჩელი დააბრუნეს, მეორე კი განუხილველად დატოვეს.

რუსული მედიის ცნობით, უცნობია როდის გაიქცა კიიკო. სანქტ-პეტერბურგის მედია Фонтанка წერს, რომ ეს 2025 წლის ზაფხულში მოხდა, 47 News-ის ცნობით კი - 2025 წლის შემოდგომის დასაწყისში. მედიების ცნობით, საშიში პირის ძებნა მხოლოდ მცირე ხნის წინ, 2026 წლის მაისში დაიწყეს.

 

კომენტარები