რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი: პოლონეთის სილეზიაში საჭიროა რეფერენდუმი, რუსეთს ორგანიზებაში დახმარება შეეძლება

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი პოლონეთს "დენაციფიკაციით", "დემილიტარიზაციითა" და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით ემუქრება.

კადიროვი პოლონეთს ემუქრება, რომ რუკაზე უკრაინის შემდეგაა. მას სურს, რომ ბრძოლა პოლონეთის ტერიტორიაზე გაგრძელდეს.

"ახლა პოლონეთი სთხოვს შტატებს იარაღს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობა მარჩინ ფშიდაჩმა, პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის საერთაშორისო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

უკრაინის მხარდაჭერის ფარგლებში, ვარშავამ ბრძნულად გამოფიტა საკუთარი სამხედრო რესურსები და ახლა დაბნეულია: რა მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ რუსეთმა მორიგი ქვეყნის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია რომ დაიწყოს? უკრაინის შემდეგ რუკაზე ხომ პოლონეთია! არ დავმალავ, ასეთი განზრახვა პირადად მაქვს და არაერთხელ მითქვამს, რომ სატანიზმთან ბრძოლა მთელ ევროპაში უნდა გაგრძელდეს და პირველ რიგში პოლონეთის ტერიტორიაზე". – წერს კადიროვი საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

კადიროვი ვარშავას ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით ემუქრება და ამბობს, რომ ჩეხეთის მოსაზღვრე სილეზიის რეგიონში საჭიროა რეფერენდუმი, რადგან ეს ტერიტორია, მისივე მტკიცებით, "დამოუკიდებელ სტატუსს იმსახურებს". მისი მუქარით, ამ პროცესში დახმარება რუსეთს შეეძლება.

"პოლიტიკური სიტუაციაც ახლა რთულად აქვთ. ივლისში შედგება სილეზიის ავტონომიის ყოველწლიური მარში, რომელშიც ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი მონაწილეა. ჩემი აზრით, პოლონეთის ამ რეგიონმა განსაკუთრებული დამოუკიდებელი სტატუსი დაიმსახურა და იქ ძალიან საჭიროა რეფერენდუმი, რომლის ჩატარების დროსაც რუსეთს ორგანიზებაში დახმარება შეეძლება". — წერს კადიროვი.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჩეჩნეთის ლიდერი დასავლეთსა და პოლონეთს არარეალური სცენარებით ემუქრება. 

კომენტარები