როგორც დამოუკიდებელი რუსული მედია The Bell წერს, რუსეთის კავშირების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში (როსკომნადზორი) განიხილავენ სამთავრობო VPN-ის შექმნას რუსი დეველოპერებისთვის, რომლებმაც უცხოურ რეპოზიტორიებზე წვდომა სახელმწიფო შეზღუდვების გამო დაკარგეს.
ეს წინადადება რუსული ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წამოაყენეს. The Bell-ი ინფორმაციას ავრცელებს ორ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც შეხვედრის დამსწრე ორი კომპანიის წარმომადგენლები არიან. შეხვედრა 8 ივნისს გაიმართა. მისი ჩატარების საფუძველი გახდა რუსი დეველოპერების უკმაყოფილება, რომ VPN სერვისების შეზღუდვის გამო პერიოდულად კარგავენ წვდომას უცხოურ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ინსტრუმენტებზე, როგორიცაა GitHub-ი, Linux-ისა და Python-ის კოდის საცავები.
შეხვედრაზე როსკომნადზორს უწყების ხელმძღვანელის მოადგილე, ოლეგ ტერლიაკოვი წარმოადგენდა. მან VPN პროგრამების ბლოკირების მიზეზების განხილვაზე უარი თქვა და პრობლემის გადასაჭრელად "რთული სტრუქტურის მქონე ერთიანი სახელმწიფო VPN-ის შექნა" და დეველოპერებისთვის მისი გამოყენების იდეა წამოაყენა, "მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება, მათი გადმოსახედიდან" - თქვა The Bell-ის წყარომ.
ინფორმაცია IT-სექტორში The Bell-ის კიდევ ერთმა წყარომაც დაადასტურა.
"დეტალები ჯერჯერობით არ გაგვაჩნია - სახელმწიფო VPN-ის იდეის დეტალური განხილვა მომდევნო სხდომაზე იგეგმება." - თქვა მან.
შეთავაზებას დეველოპერებში აღფრთოვანება არ მოჰყოლია. The Bell-თან საუბარში ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ მსგავსი ნაბიჯი მხოლოდ სანქციებით გამოწვეული შეზღდვების გვერდის ავლის შესაძლებლობას შექმნის. ამასთან ერთად, მეორე წყაროს თქმით, "რუსებისთვის საერთაშორისო დეველოპერულ ინსტრუმენტებზე წვდომის შეზღუდვა გამარტივდება, თუ ყველა ერთსა და იმავე VPN-ს გამოიყენებს".
"მასზე წვდომის უცხოეთიდან დაბლოკვაც მარტივი იქნება და თავად ეს აზრიც საეჭვოდ გამოიყურება. სანამ მთელი ქვეყანა იტანჯება ნორმალური ინტერნეტის არარსებობით, გამოდის, რომ გამოჩნდება პრივილეგირებული კასტა, სრულფასოვანი წვდომით. და ვინ გადაწყვეტს ვის ჰქონდეს ეს წვდომა და ვის არა?" - თქვა The Bell-ის წყარომ.
რეპოზიტორი არის ციფრული სივრცე, სადაც ინახება პროგრამული კოდი, მისი ცვლილებების ისტორია და მასთან დაკავშირებული ფაილები. მსგავსი პლატფორმებია GitHub-ი და GitLab-ი.
VPN-ი (ვირტუალური კერძო ქსელი) არის ინტერნეტ-ტრაფიკის დაშიფვრისა და სხვა სერვერის გავლით გადამისამართების ტექნოლოგია, რომელსაც ხშირად იყენებენ ონლაინ კონფიდენციალურობის გასაზრდელად და დაბლოკილ ვებგვერდებზე წვდომისთვის. VPN პროგრამების მეშვეობით რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში აკრძალულ ვებგვერდებზე შედიან. მსგავსი სერვისებით სარგებლობა რუსეთში ჯერჯერობით ლეგალურია.





