ოპოზიცია

ხოშტარია: 24 საათი სამივე გუნდი ერთად ვმუშაობთ კონკრეტულ საქმეზე, კომუნიკაციის პრობლემა იყო

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

"კომუნიკაციის პრობლემა იყო, მაგრამ არაუშავს, მართლა ძალიან ბევრი საქმე და პასუხისმგებლობა გვაქვს და რეალურად, 24 საათი სამივე გუნდი ერთად ვმუშაობთ კონკრეტულ საქმეზე, შედეგი უნდა დავდოთ, სხვანაირად არ გამოვა" – ასე ეხმაურება პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას "დიდი ოპოზიციური ერთობის" გადადებასთან დაკავშირებით.

ზურაბ ჯაფარიძემ 3 თებერვალს თქვა, რომ "დიდი ოპოზიციური ერთობის" საკითხს 2024 წელს დაუბრუნდებიან. მისი თქმით, იქამდე, მეტ ძალისხმევას გაწევენ საკუთარი პარტიის გასაძლიერებლად. მისივე სიტყვებით, სტრატეგია აღმაშენებელთან და დროასთან კოორდინაცია გაგრძელდებოდა.

4 თებერვალს ჯაფარიძემ დაწერა, რომ "არსად გასულა" და "არანაირი განხეთქილება" ბუნებაში არ არსებობს. 

2 თებერვალს პარტიის წევრმა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ მისი და მისი პარტიის გადაწყვეტილება მკაფიოა – "გირჩი ვაპირებთ, ვიყოთ გირჩი". ამის შემდეგ, გირჩი – მეტი თავისუფლების კიდევ ერთმა წევრმა, ბორის ყურუამ დაწერა, რომ "რაღაც საკითხებში ჩვენკენ მყოფ ხალხთან ვითანამშრომლებთ და დავეხმარებით ერთმანეთს, ასეთი ამბავია 24 თებერვლის აქცია მაგალითად. მაგრამ არჩევნებზე ერთად გასვლა, ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ გაერთიანება და ა.შ. არ განიხილება".  

სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე გასული წლის ოქტომბერში შეთანხმდა. პარტიების ლიდერები აცხადებდნენ, რომ გაერთიანების გარეშე ქართული ოცნების რეჟიმის დამარცხება "უკიდურესად რთულია" და "სხვებიც ნახავენ, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს".

კომენტარები