ოპოზიცია

ბობოხიძე 3 პარტიაზე: გაერთიანება მომზადების გარეშე შედგა და ბუნებრივი შედეგით დამთავრდა

"სამწუხაროდ, ეს გაერთიანება შედგა ყოველგვარი წინასწარი მომზადებისა და შეთანხმების გარეშე, შესაბამისად, დამთავრდა ბუნებრივი შედეგით, დაშლით, არაფრით". - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას "დიდი ოპოზიციური ერთობის" გადადებასთან დაკავშირებით. 

"ყოველთვის ვაფრთხილებთ არამხოლოდ ამ სამეულს, არამედ ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც არ დასრულდება შედეგით, იწვევს საბოლოო ჯამში აპათიას ხალხში და არის დამაზიანებელი. 

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ნებისმიერ ოპოზიციურ ჯგუფს, რომელიც საერთო ოპოზიციური გეგმით გამოვა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს ან გააკეთონ განცხადებები მხოლოდ საკუთარი პარტიის სამოქმედო გეგმის მიხედვით და ნუ დაარქმევენ ამას რაიმე საერთო ოპოზიციურ სახელს. 

ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა სცადოს მოემზადოს ცალ-ცალკე არჩევნებისთვის, იმიტომ, რომ მომავალი არჩევნები არის პროპორციული, უნდა ეცადონ რაც შეიძლება მეტი ხმა დააგროვონ და შემდეგ არჩევნების წინ გამოჩნდება, ტაქტიკურად რომელი ნაბიჯები იქნება სწორი". - ამბობს ბობოხიძე. 

ზურაბ ჯაფარიძემ 3 თებერვალს თქვა, რომ "დიდი ოპოზიციური ერთობის" საკითხს 2024 წელს დაუბრუნდებიან. მისი თქმით, იქამდე, მეტ ძალისხმევას გაწევენ საკუთარი პარტიის გასაძლიერებლად. მისივე სიტყვებით, სტრატეგია აღმაშენებელთან და დროასთან "ჩვეულებრივად გვექნება კოორდინაცია, როგორც აქამდე გვქონდა". 

დღეს, 4 თებერვალს ჯაფარიძემ დაწერა, რომ "არსად გასულა" და "არანაირი განხეთქილება ბუნებაში არ არსებობს. 

2 თებერვალს პარტიის წევრმა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ მისი და მისი პარტიის გადაწყვეტილება მკაფიოა - "გირჩი ვაპირებთ, ვიყოთ გირჩი". ამის შემდეგ, გირჩი მეტი თავისუფლების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ბორის ყურუამ დაწერა, რომ "რაღაც საკითხებში ჩვენსკენ მყოფ ხალხთან ვითანამშრომლებთ და დავეხმარებით ერთმანეთს, ასეთი ამბავია 24 თებერვლის აქცია მაგალითად. მაგრამ არჩევნებზე ერთად გასვლა, ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ გაერთიანება და ა.შ. არ განიხილება".  

სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე გასული წლის ოქტომბერში შეთანხმდა. პარტიების ლიდერები აცხადებდნენ, რომ გაერთიანების გარეშე ქართული ოცნების რეჟიმის დამარცხება "უკიდურესად რთულია" და "სხვებიც ნახავენ, რომ სხვა ალტერნარტივა არ არსებობს".  

კომენტარები