ალექსეი ნავალნი

ნავალნი 2-წლიანი პატიმრობის მანძილზე სამარტოო საკანში მეთერთმეტედ გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 2-წლიანი პატიმრობის მანძილზე სამარტოო საკანში მეთერთმეტედ გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესმდივანი, კირა იარმიშმა ავრცელებს

იარმიშის თქმით, ნავალნი სამარტოო საკანში "არასწორი წარდგენისთვის" გადაიყვანეს. 

"როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ მოსწონს ჩვენი კამპანია და ფილმ ნავალნის ოსკარზე ნომინირება". - თქვა იარმიშმა. 

ნავალნის მხარდამჭერებმა გასულ კვირებში კამპანია "თავისუფლება ნავალნის" წამოიწყეს, რომელიც ოპოზიციონერის ჯანმრთელობის გაუარესებასა და ციხის ექიმების მიერ მის მკურნალობაზე უარის თქმას ეხმაურება. 

ნავალნი სამარტოო საკანში გადაყვანა ბერლინში გამართულ აქციას დაემთხვა, სადაც რუსეთის საელჩოს წინ მოქალაქეებმა ნავალნისთვის ციხეში შექმნილი მძიმე პირობები გააპროტესტეს. 

ალექსეი ნავალნი პროკოვის კოლონიაში "ივ როშეს" საქმეზე იხდიდა სასჯელს. მას 2021 წლის 2 თებერვალს სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

"ივ როშეს" საქმეზე დაკავებამდე ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. ის 2020 წლის 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. სხვადასხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტია.

რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

კომენტარები