ჩეხეთი

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პეტრ პაველი იმარჯვებს

REUTERS/David W Cerny

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროდასავლური კანდიდატი, ჩეხეთის არმიის ყოფილი მეთაური პეტერ პაველი იმარჯვებს

ქვეყანაში დათვლილია საარჩევნო ოლქების 87.9%-ის შედეგები, პაველმა ხმების 56.9% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ანდრეი ბაბიშმა – 43.1%. პრემიერმინისტრმა პეტრ ფაილამ პაველს გამარჯვება უკვე მიულოცა.

ჩეხეთში პრეზიდენტის პოსტი არ მოიცავს აღმასრულებელ უფლებამოსილებას, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა პრემიერმინისტრების, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელების დანიშვნასა და საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების წარდგენაში. ჩეხეთის პრეზიდენტებს ასევე შეზღუდული გავლენა აქვთ საგარეო საქმეებში და არიან არმიის მთავარსარდლები.

პეტერ პაველი 61 წლის გადამდგარი გენერალია, რომელიც არჩევნებში პირველად მონაწილეობდა. ის მხარს უჭერს ჩეხეთის პოზიციების გამყარებას NATO-სა და ევროკავშირში და ემხრობა უკრაინისთვის დახმარების მიწოდების ზრდას.

ჩეხეთის სასამართლომ 2023 წლის დასაწყისში პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი პრემიერმინისტრი ანდრეი ბაბიში უდანაშაულოდ ცნო. ბაბიშს ევროკავშირის ფონდებიდან გამოყოფილი თანხის (€2 მილიონი) უკანონო მითვისებაში ედებოდა ბრალი. 

ჩეხეთის სასამართლომ ყოფილი პრემიერმინისტრი ანდრეი ბაბიში უდანაშაულოდ ცნო

ბაბიში 2014-2017-ში ჩეხეთის ფინანსთა მინისტრი, ხოლო 2017-2021 წლებში პრემიერმინისტრი იყო. ჯერ კიდევ 2019 წელს, ბაბიშის წინააღმდეგ პრაღაში ათიათასობით ადამიანი მისი გადადგომის მოთხოვნით ქუჩებში გამოვიდა. ბაბიშმა პრემიერმინისტრის თანამდებობა საბოლოოდ 2021 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა, როდესაც ის მოქმედ პრემიერმინისტრ პეტრ ფიალასთან დამარცხდა.

კომენტარები