ჩეხეთი

ჩეხეთის სასამართლომ ყოფილი პრემიერმინისტრი ანდრეი ბაბიში უდანაშაულოდ ცნო

ანდრეი ბაბიში

ჩეხეთის სასამართლომ ყოფილი პრემიერმინისტრი ანდრეი ბაბიში უდანაშაულოდ ცნო. ბაბიშს ევროკავშირის ფონდებიდან გამოყოფილი თანხის (€2 მილიონი) უკანონო მითვისებაში ედებოდა ბრალი. 

პროკურატურა ბაბიშისთვის პირობით სასჯელსა და 10 მილიონი კრონის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. ბრალდების მხარეს შეუძლია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. 

პრაღის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იან სოტმა თქვა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრისა და მისი ერთ-ერთი მენეჯერის ბრალეულობა არ გამოვლინდა. თუმცა, სოტმა უარყო ის აზრი, რომ ბაბიშს აქამდე პოლიტიკური მიზნით დევნიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ამ მოსაზრებას ხშირად უბრუნდება.

პროკურატურის მტკიცებით, ბაბიშმა ევროკავშირის ფონდებიდან მიღებული €2 მილიონი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის იყო განკუთვნილი, ქალაქგარეთ რეკრეაციული ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენა. მოგვიანებით, სასტუმროს მფლობელები ბაბიშის ოჯახის წევრები გახდნენ. მიწა, სადაც სასტუმრო აშენდა, ბაბიშის კომპანიამ 2006 წელს შეიძინა. პროკურატურის აზრით, მან ეს ინფორმაცია განზრახ დამალა. 

ბაბიში 2014-2017-ში ჩეხეთის ფინანსთა მინისტრი, ხოლო 2017-2021 წლებში პრემიერმინისტრი იყო. ჯერ კიდევ 2019 წელს, ბაბიშის წინააღმდეგ პრაღაში ათიათასობით ადამიანი მისი გადადგომის მოთხოვნით ქუჩებში გამოვიდა. ბაბიშმა პრემიერმინისტრის თანამდებობა საბოლოოდ 2021 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა, როდესაც ის მოქმედ პრემიერმინისტრ პეტრ ფიალასთან დამარცხდა.

ბაბიში, რომელიც საკუთარ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და თვლის, რომ მას პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ის ერთ-ერთი ფავორიტია. 

კომენტარები