წინასწარი შედეგების მიხედვით, ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში პოპულისტი მილიარდერის, ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-მ გაიმარჯვა. დათვლილია ხმების 98%.
წინასწარი შედეგებით, ბაბიშის პარტია პირველ ადგილზე ხმების 35% გავიდა. 23%-ით მეორე ადგილზეა მოქმედი პრემიერმინისტრის, პეტრ ფიალას კოალიცია. მესამე ადგილზე გავიდა პარტია STAN-ი, რომელიც ამჟამინდელი მმართველი კოალიციის წევრია.
დათვლილი ხმების მიხედვით, ბაბიშს საპარლამენტო უმრავლესობის დაკომპლექტება ამ რიცხვებით არ შეეძლება. ჩეხეთის პარლამენტში არის 200 მანდატი, ANO წინასწარი მონაცემებით 80-მდე ადგილის დაკავებას შეძლებს. შესაბამისად, ბაბიშს კოალიციის შექმნა მოუწევს.
ბაბიშის სავარაუდო პარტნიორები პოპულისტური პარტია მოტორისტები საკუთარი თავისთვის და ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკური პარტია თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია (SPD). მოტორისტებისა და ANO-სგან განსხვავებით, SPD საკუთარ შეხედულებებში რადიკალურია და მხარს უჭერს ევროკავშირისა და NATO-ს დატოვებას.
წინასწარი მონაცემებით, SPD-ს დაახლოებით 8% (15 ადგილი), მოტორისტებს კი დაახლოებით 7% (13 ადგილი) აქვს აღებული. შესაბამისად, SPD მეხუთე ადგილზე გავიდა, მოტორისტები კი მეექვსეზე.
ბაბიში გასულ პერიოდში ანტიუკრაინული განცხადებებით გამოირჩეოდა. მის საარჩევნო დაპირებებში, იაფი ენერგიისა და მაღალი პენსიების გარდა, ნახსენები იყო ჩეხეთის ინტერესების უკრაინის ინტერესებზე წინ დაყენება. პოპულისტი მილიარდერი წარსულში, 2017-2021 წლებში უკვე იკავებდა ჩეხეთის პრემიერმინისტრის პოსტს.
ბაბიშის წინააღმდეგ ამჟამად ევროკავშირის მოტყუებისა და მათი თანხების საკუთარი აგრარული კომპანია Agrofert-ისთვის გამოყენების ბრალდებასთან დაკავშირებით საქმე მიმდინარეობს. საუბარია 2 მილიონი ევროს ოდენობის თანხაზე. ეს ფული გათვლილი იყო საშუალო ზომის ბიზნესებისთვის. ბაბიში პრაღის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. ეს სასამართლო ვალდებულია მიჰყვეს პრაღის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაუქმდა წინა განაჩენი, რომლითაც ბაბიშს სამართალდარღვევის ბრალდებები მოეხსნა.





