ჩეხეთი

FT: ჩეხმა ევროსკეპტიკოსმა, ანდრეი ბაბიშმა ულტრამემარჯვენე პარტიებთან კოალიცია შეათანხმა

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოპულისტური პარტიის, ANO-ს ლიდერი, ანდრეი ბაბიში, სავარაუდოდ, ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე დაბრუნდება. გამოცემა Financial Times-ის ცნობით, მისმა პარტიამ სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ შეთანხმებას ევროსკეპტიკურ პარტიასთან მოტორისტები საკუთარი თავისთვის და ულტრამემარჯვენე SPD-სთან მიაღწია.

ბაბიშმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაადასტურა, რომ მისი მთავრობა უკრაინაში იარაღის გაგზავნის ბიუჯეტიდან დაფინანსებას შეწყვეტს. მან ასევე გააკრიტიკა პრაღის ინიციატივა, რომელიც კიევს საარტილერიო საბრძოლო მასალებით ამარაგებდა.

ამავდროულად, ბაბიში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკვე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და მის ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, ბაბიშმა აღნიშნა, რომ ის თავდაცვის კერძო მწარმოებლებს კიევის მომარაგების გაგრძელების უფლებას მისცემს.

ულტრამემარჯვენე პარტია თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია (SPD) არჩევნებამდე ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ დასავლეთმა შეცდომა დაუშვა რუსეთის იზოლაციის მცდელობით.

არჩევნების შემდეგ პრაღაში საპროტესტო აქციებიც გაიმართა, სადაც დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ SPD-სთვის თავდაცვის სამინისტროს გადაცემა და პარტიის ლიდერის, ტომიო ოკამურას პარლამენტის სპიკერად დანიშვნა მოსკოვს დაეხმარება. SPD-ს შესახებ შეშფოთებას გამოეხმაურა ანდრეი ბაბიშიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ SPD-ს მინისტრების თანამდებობებზე აპოლიტიკური ტექნოკრატების წარდგენა მოსთხოვა.

პოპულისტური მოტორისტები საკუთარი თავისთვის კი, სავარაუდოდ, ჩეხეთის მიერ ევროკავშირის მწვანე შეთანხმებიდან გასვლას დაუჭერს მხარს, რასაც ბაბიშის პარტიაც ეთანხმება.

კოალიცია ანდრეი ბაბიშს, რომელიც ჩეხეთის პრემიერმინისტრის პოსტს 2017-2021 წლებშიც იკავებდა, ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატაში 200 მანდატიდან ჯამურად 108-ის მოპოვების საშუალებას მისცემს.


ცნობისთვის ANO-მ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტის ქვედა პალატაში 200 ადგილიდან 80 მოიპოვა. ახლა უმრავლესობის მოსაპოვებლად სხვა პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. 

ხმების 34.5%-ით ბაბიშის პარტია პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზეა მოქმედი პრემიერმინისტრის, პეტრ ფიალას კოალიცია, ხმების 23.4%-ით. ხოლო მესამე ადგილზე, ხმების 11.2%-ით, პარტია STAN-ია, რომელიც აქამდე მმართველი კოალიციის წევრი იყო. შედეგად, პარლამენტში ANO-ს 80 ადგილი ექნება, ფიალას კოალიციას - 52, ხოლო STAN-ს - 22 მანდატი.

დათვლილი ხმების მიხედვით, ბაბიშს საპარლამენტო უმრავლესობის დაკომპლექტება ამ რიცხვებით არ შეეძლება. ბაბიშის სავარაუდო პარტნიორები პოპულისტური პარტია მოტორისტები საკუთარი თავისთვის და ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკური პარტია თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია (SPD). მოტორისტებისა და ANO-სგან განსხვავებით, SPD საკუთარ შეხედულებებში რადიკალურია და მხარს უჭერს ევროკავშირისა და NATO-ს დატოვებას.

კომენტარები