რუსეთი

მედია: პუტინის რეზიდენციის დასაცავად საჰაერო თავდაცვითი სისტემების დამონტაჟება დაიწყეს

საჰაერო თავდაცვითი სისტემა პუტინის ვალდაის რეზიდენციის მახლობლად 
Агентство. Новости

რუსული მედია Агентство. Новости-ს ინფორმაციით, ნოვგოროდის ოლქში, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად რუსებმა საჰაერო თავდაცვითი სისტემების დამონტაჟება დაიწყეს. როგორც მედია წერს, ამ ტერიტორიაზე, სოფელ იაშჩეროვოშის მახლობლად პრეზიდენტის რეზიდენციის გარდა სხვა შენობა არ არის, რომელიც დაცვას საჭიროებს და შესაბამისად სისტემების დამონტაჟების მიზანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის დაცვა უნდა იყოს.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ვალდაის მაცხოვრებლებმა მედიას გასულ კვირას სოფელ იაშჩეროვოში გადაღებული ფოტო გაუგზავნეს. ფოტოზე ნაჩვენებია საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც, ფოტოს ავტორის თქმით, სოფელში რამდენიმე კვირის წინ განათავსეს. 

Агентство. Новости-ს ვარაუდით, ფოტოზე Панцирь-С1-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემაა გამოსახული. ამავე ინფორმაციით, მსგავსი თავდაცვითი სისტემები შენიშნეს მოსკოვის ცენტრალურ რაიონებსა და მის გარეუბნებში. 

გარდა ამისა, როგორც Агентство. Новости წერს, საჰაერო თავდაცვის სისტემა იაშჩეროვოში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე იერიში მიიტანეს. 

"[ვალდაის რეზიდენცია] უფრო ცნობილია, როგორც პუტინის, მისი გარემოცვისა და მეგობრების პირადი დასვენების ადგილი. პოპ-ვარსკვლავები აქ პუტინის პირად წვეულებებზე დადიოდნენ. ეს ის ადგილია, სადაც დახურულ კარს მიღმა პუტინი ხშირად VIP სტუმრებს ხვდება". – წერს Агентство. Новости.

კომენტარები