სანქტ-პეტერბურგში დააკავეს ბიზნესმენი ილია ტრაბერი. ადგილობრივიმედია ფონტანკას ცნობით, მისი სახლი გაჩხრიკეს. როგორც დამოუკიდებელი რუსული მედია მედუზა წერს, ტრაბერს "პუტინის მეგობარს" უწოდებდნენ.
მედიის ცნობით, ბიზნესმენის სახლსა და ოფისში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ცენტრალური აპარატის თანამშრომლები მივიდნენ. უცნობია ჩხრეკის მიზეზები.
1990-იან წლებში ტრაბერი პეტერბურგის პორტსა და იქ მდებარე ნავთობტერმინალს აკონტროლებდა. 2017 წელს ტელეარხი Дождь-ი საკუთარ გამოძიებაში ბიზნესმენს უწოდებდა "ერთადერთ ცოცხალ კრიმინალურ ავტორიტეტს, რომელზეც ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ იცნობდა". ამავე მასალაში ნათქვამი იყო, რომ ტრაბერი 1980-იანებში ანტიკვარული ნივთებით იყო გატაცებული და კარიერა "ჩრდილოვან სექტორში" შეიქმნა, ხოლო 1990-იანებში ის "ავტორიტეტად აღიარეს". ჟურნალისტები ირწმუნებოდნენ, რომ მას კომპანიები ჰქონდა რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის ყველა პორტში.
გამოძიების გამოსვლის შემდეგ ტრაბერმა ცილისწამებისთვის იჩივლა და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა არ გავრცელებულა ცნობა, თუ ვინ იყვნენ საქმის ფიგურანტები. 2021 წელს გამოძიების ავტორების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს. თუმცა ჟურნალისტებმა ეს დაუკავშირეს სხვა გამოძიებას, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს ეხებოდა.





