რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: უკრაინა და ევროპა ამ ომს გერმანიასთან ერთად, ან მის გარეშე მოიგებს

მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ პოლონურ მედიასთან - PAP ინტერვიუში თქვა, რომ თუ გერმანია Leopard 2-ის ტანკების უკრაინისთვის მიწოდებას არ დათანხმდება, პოლონეთი სხვა სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც მზად არიან უკრაინა ტანკებითა და საჭირო აღჭურვილობით მოამარაგონ "მცირე კოალიციას" შექმნის.

რამშტაინის სამიტზე მიუღწეველ შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბრისას პოლონეთის პრემიერმინისტრმა გერმანიის პოზიციას მიუღებელი უწოდა და დაამატა, რომ აუცილებელი არაა გერმანიამ მთელი თავისი რესურსი გამოიყენოს, მცირედის გაღებაც საკმარისი იქნებოდა. 

"ომის დაწყებიდან თითქმის წელიწადი გავიდა. რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის ამსახველი კადრები ტელევიზიითაც შუქდება და YouTube-ის საშუალებითაც. მეტი რა სჭირდება გერმანიას იმისათვის, რომ თვალები გაახილოს… მტერი აღმოსავლეთით არის და ჩვენ დროს ფუჭ დისკუსიებზე ვკარგავთ. უხეშად ვიტყვი, უკრაინა და ევროპა ამ ომს მოიგებს. ეს იქნება გერმანიასთან ერთად, თუ გერმანიის გარეშე". - ამბობს პოლონეთის პრემიერმინისტრი PAP-თან ინტერვიუში.

 


გერმანიამ რამშტაინის სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ტანკების მიწოდებას იმ შემთხვევაში დააჩქარებს, თუ პარტნიორებს შორის კონსენსუსი მიიღწევა.

"ეს დრო უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის აღჭრუვილობისა და წვრთნების მისაწოდებლად, რადგან რუსეთი გაზაფხულში სრულმასშტაბიან თავდასხმას განაახლებს გაზაფხულში, უკრაინა კარგადაა აღჭურვილი, Leopard-ების გარეშეც". - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო, რომ ბერლინი ცალმხრივად აფერხებს Leopard-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გაგზავნას. მისი თქმით, თუ მოკავშირეები კონსესუს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, დააჩქაროს ტანკების კიევისთვის მიწოდება.

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს. 

გერმანიის Leopard-ის ტანკებზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ეს სამხედრო ტექნიკა ფართოდ გამოიყენება ევროპაში, შესაბამისად, ნებართვის არსებობის შემთვევაში, რამდენიმე ქვეყანა შეძლებს უკრაინისთვის ტანკის მიწოდებას.

კომენტარები