საგარეჯო

"00:10-00:15 წუთზე დაიწყო, 100 კაცი რომ მისულიყო, ყველას ესროდა" – რას ამბობენ თვითმხილველები

საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულდა - კაცმა, რომელიც სახლის აივნიდან მოქალაქეებს ესროდა, 5 ადამიანი მოკლა, 5 დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, სროლა 00:10-00:20 წუთზე დაიწყო, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მე-3 სართულის წინა და უკანა აივნიდან ისროდა - ესროდა მათაც, ვინც დაჭრილების დასახმარებლად მიდიოდა. 

"სროლა რომ დაიწყო, 1-ის 10, 15 წუთი არც იქნებოდა. მაღლიდან ვუყურებდი, ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი. 4 დავინახე ადგილზე გარდაცვლილი.

მე-3 სართულიდან ისროდა. [ისროდა] წინა აივნიდან, მერე გადიოდა და უკანა მხრიდან ისროდა. მისი საკუთარი სახლია, ლამის მჭიდს ცლიდა და 10-20 წუთის ინტერვალით კიდევ აგრძელებდა სროლას. ნახევარი საათი კი არა, [სროლა] ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა, თითქმის ერთი საათი. ვერ გეტყვით, [პოლიცია რამდენ ხანში მოვიდა] მე სანამ ამ ამბავს ვუყურებდი, უკვე შემორტყმული ჰქონდათ ალყა. სახლშივე იყო, ბოლოს წინა მხრიდან 7 გასროლა იყო, სათითაო გასროლა ზედიზედ და შემდეგ ჩაწყნარდა, დაიწყო კიდევ სპეცრაზმმა მუშაობა. [დაჭრილები და დაღუპულები] ადგილობრივები არიან, აქ ცხოვრობენ ერთის გარდა - ერთის მამიდაშვილი იყო. დასახმარებლად რომ მიცვივდნენ ბიჭები, მიცვალებულებს ვინც კი გაეკარა, ყველას ესროლა.

თავისთის იყო, ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, თუ გამოვიდოდა, საჭმელზე გამოდიოდა. ხან მანქანითაც მოდიოდა. დაპირისპირება ადგილზე არავისთან არ ჰქონია - არავითარი შელაპარაკება". - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი ფორმულას ეთერში. 

კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, თავდამსხმელს მეზობლებთან კონტაქტი არ ჰქონდა, უმისამართოდ ისროდა და "100 კაცი რომ მისულიყო, ასივეს ესროდა". 

"არაფერი მიზეზი არ იყო, ვინც მივიდოდა, 100 კაცი რომ მისულიყო, 100-ვეს დახოცავდა. საერთოდ არავისთან არც შედიოდა და არც გადიოდა. ოჯახი ჰყავდა, მაგრამ ცხალკე ცხოვრობენ. მარცო ცხოვრობს. უმისამართოდ ისროდა". - ამბობს ის ფორმულასთან ინტერვიუში.  

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, თავდამსხმელი თავდაცვის სამინისტროში  2006-2021 წლებში მუშაობდა. მისივე ცნობით, ის ნამყოფია ავღანეთის მისიაშიც. დაღუპულთაგან ერთი პოლიციის თანამშრომელია. 

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის საგარეჯოს კლინიკის ექიმის Facebook-პოსტით გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე პირველი განცხადება 03:20 წუთზე გაავრცელა. 

კომენტარები