ენდრიუ ტეიტი

ტეიტის საქმესთან დაკავშირებით რუმინეთში დამატებით 7 სახლი გაჩხრიკეს

AP Photo/Alexandru Dobre

რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ ინფლუენსერის, ენდრიუ ტეიტის საქმესთან დაკავშირებით კიდევ 7 სახლი გაჩხრიკა. უწყების ცნობით, დამატებითი მტკიცებულებების მისაღებად ჩხრეკა მიმდინარეობს ბუქარესტის, ილფოვისა და პრახოვის საგრაფოებში.

36 წლის ბრიტანელი აშშ-ს მოქალაქე, რომელსაც Twitter-ზე 4.5 მილიონი გამომწერი ჰყავს, 29 დეკემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისთვის - ადამიანებით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს მისი ძმა, ტრისტანი და ორი რუმინელი ქალი.

ჩხრეკამდე სასამართლომ ტეიტის საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხებოდა დეკემბრის ბოლოს პროკურორების მიერ აქტივების ჩამორთმევას, მათ შორის ქონების, მიწისა და ძვირადღირებული მანქანების ფლოტის დაყადაღებას. ამ დროისთვის ასევე დაყადაღებულია ძმებ ტეიტებზე დარეგისტრირებული კომპანიების საკუთრებაში არსებული 10-ზე მეტი ქონება და მიწა.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ "ყადაღა კანონიერია და ქონება სახელმწიფოს განკარგულებაში რჩება". თუ დამტკიცდა, რომ ტეიტმა ფული ადამიანებით ვაჭრობის გზით გამოიმუშავა, აქტივები შეიძლება გამოყენებულ იქნას გამოძიების ხარჯებისა და მსხვერპლთა კომპენსაციის დასაფარად.

ყოფილმა კიკბოქსერმა პოპულარობა 2016 წელს მოიპოვა, როდესაც ის ბრიტანული სატელევიზიო შოუდან, Big Brother-დან გააგდეს. შოუს გადაწყვეტილების მიზეზი გავრცელებული ვიდეო იყო, სადაც ჩანდა, როგორ ესხმის თავს ტეიტი ქალს. 

მას Twitter-ის ანგარიში მას შემდეგ გაუქმეს, რაც თქვა, რომ მსხვერპლი ქალებიც ატარებენ პასუხისმგებლობას სექსუალურ ძალადობაზე. 

ტეიტს ანგარიშები ასევე გაუქმეს სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზეც - YouTube, Facebook, Instagram და TikTok. ამ უკანასკნელმა აკრძალვისას აღნიშნა, რომ "მიზოგინია არის სიძულვილის შემცველი იდეოლოგია, რომელიც [პლატფორმისთვის] მიუღებელია".

მიმდინარე წლის აპრილიდან მიმდინარეობს გამოძიება ძმებზე და მათთან ერთად 2 რუმინელ ეჭვმიტანილზე.

კომენტარები