სამხედრო სამსახური

ახალი კოდექსით სამხედრო ვალდებულება ყველა რელიგიის წარმომადგენელს ექნება – თავდაცვა

AFP

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ სასულიერო პირებს თავდაცვის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები წარუდგინა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. უწყების ცნობით, გიორგაძემ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ხარვეზზე, რომელიც ცალკეულ პირებს შესაძლებლობას აძლევდა ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების დახმარებით სამხედრო სამსახურისათვის თავი აერიდებინათ.

"პროექტის შესაბამისად, მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს, რომელიც კიდევ უფრო მეტად დახვეწს იმ მექანიზმებს, რომელიც გამოყენებული იქნება კანონმდებლობაში". – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრომ კოდექსის პროექტი 2022 წლის ბოლოს დააინიცირა, რომლის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.

2022 წლის 12 დეკემბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ აღმოიფხვრებოდა საკანონმდებლო ხარვეზი და დაიხურებოდა "ვითომ რელიგიური ორგანიზაციები", რომლითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებდნენ. ღარიბაშვილმა პარტია გირჩის მიერ დაფუძნებულ ბიბლიური თავისუფლების დახურვაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ ახალი კოდექსის შესახებ მთავრობამ კონსულტაციები გაიარა საპატრიარქოსთანაც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წვევამდელები სამხედრო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის უწყებებში შეძლებენ, ხოლო სტუდენტებს სავალდებულო სამსახურის გავლა 4-წლიანი სტუდენტობის ყოველ წელს ერთი თვით შეეძლებათ. ღარიბაშვილის თქმით, ცვლილებები 2025 წლიდან ამოქმედდება.

2017 წლიდან დღემდე, გირჩის ბიბლიურმა თავისუფლებამ მღვდელმსახურის მოწმობა დაახლოებით 50 000 ადამიანზე გასცა. ამ დოკუმენტით ახალგაზრდებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლეს.

კომენტარები