სამხედრო სამსახური

პრემიერი: დაიხურება ვითომ რელიგიური ორგანიზაციები, რომლითაც ჯარს თავს არიდებდნენ

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და დაიხურება "ვითომ რელიგიური ორგანიზაციები", რომლითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებდნენ. ღარიბაშვილმა პარტია გირჩის მიერ დაფუძნებულ ბიბლიური თავისუფლების დახურვაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ქვეყანაში არ მოიძებნება პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს, არ განიცდის და არ ნერვიულობს. ეს იყო ე.წ. აი ეს მავნებლური, გირჩის მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი რაღაც პროგრამა, რომელიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდა და სთავაზობდა ალტერნატიულ სამსახურს. ეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ იყო ფიქტიური ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. როგორ შეიძლება, ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე, პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს, არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ და ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდეც.

აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურა ჯაფარიძემ, დიდი პატივია მისი გვარის ხსენება ამ მთავრობის სხდომაზე, მაგრამ ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა რაც მან ჩაიდინა ქვეყნის, ახალგაზრდობის წინააღმდეგ. ამიტომ, დაიხურება, ეს ხარვეზი აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი ეს ფიქტიური ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას". – თქვა ღარიბაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმაზე ისაუბრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, წვევამდელები სამხედრო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის უწყებებში შეძლებენ, ხოლო სტუდენტებს სავალდებულო სამსახურის გავლა 4-წლიანი სტუდენტობის ყოველ წელს ერთი თვით შეეძლებათ. ღარიბაშვილის თქმით, ცვლილებები 2025 წლიდან ამოქმედდება.

2017 წლიდან დღემდე, გირჩის ბიბლიურმა თავისუფლებამ მღვდელმსახურის მოწმობა დაახლოებით 50 000 ადამიანზე გასცა. ამ დოკუმენტით ახალგაზრდებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლეს.

კომენტარები