სამხედრო სამსახური

გირჩი: დაუმსახურებელი ლანძღვა მივიღეთ, რამაც პრემიერის ინიციატივა გახადა შესაძლებელი

გირჩი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და ბიბლიური თავისუფლების დახმარებით "მონობისგან დახსნილ" მოქალაქეებს მოუწოდებს, ღიად გამოხატონ თავიანთი პოზიცია.   

როგორც განცხადებაში გირჩის წევრები აღნიშნავენ, "სავალდებულო მონობისგან" ადამიანების დაცვის სურვილის საპასუხოდ ამომრჩევლის გულისწყრომა მიიღეს, რამაც, მათივე შეფასებით, პრემიერმინისტრის ასეთი ტიპის ინიციატივა გახადა შესაძლებელი. 

გირჩის განცხადებით, მათ არ შეუძლიათ დაიცვან ბიბლიური თავისუფლება იმ პირობებში, როცა ყველა პოლიტიკური ძალა და ეკლესია მათ წინააღმდეგაა. 

ჩვენ წლებია ვებრძვით მონობას. მონობა ადამიანის ღირსებისათვის შეურაცხმყოფელია. ჯარისკაცობის იძულება (სავალდებულო გაწვევა) მონობაა.

ჯარში ის ადამიანები უნდა მსახურობდნენ, ვისაც სურს ქვეყნის დაცვა პროფესიად გაიხადოს. ხოლო პროფესია დაფასებულია, როდესაც ის ნებაყოფლობითი და მაღალანაზღაურებადია.

დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა, ვინც ჩვენ ოფისში მოდის, ხელს აწერს პეტიციას სავალდებულო ჯარის გაუქმების თაობაზე. ათასობით პეტიცია გვაქვს დაგროვებული.

ამ თემაზე ჩვენ ველაპარაკებით პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს.

პრემიერ მინისტრის დღევანდელი განცხადების შინაარსი კი იმაშია, რომ მთავრობას არ სურს ადამიანებს ხელფასი უხადოს და სურს იძულებით ამუშაოს ჯარისკაცებად. ამას პატრიოტიზმთან, ქრისტიანობასთან ან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაგვეცვა ადამიანები სავალდებულო მონობისგან (უკვე დავეხმარეთ 50 ათასზე მეტ ადამიანს) და სანაცვლოდ მივიღეთ, ამომრჩევლის გულისწყრომა, ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა და ლანძღვა, რამაც შესაძლებელი გახადა პრემიერ მინისტრის ასეთი ტიპის განცხადება და ინიციატივა.

მიგვაჩნია, რომ მარტო გირჩს არ შეუძლია დაიცვას „ბიბლიური თავისუფლება“ იმ პირობებში, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა და ეკლესია ჩვენს წინააღმდეგაა. ჩვენ მოვუწოდებთ ათიათასობით მონობისგან დახსნილ ადამიანს ღიად გამოხატოს თავისი პოზიცია და ჩვენთან ერთად დაიცვას ერთხელ მოპოვებული თავისუფლება. 

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და დაიხურება "ვითომ რელიგიური ორგანიზაციები", რომლითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებდნენ. ღარიბაშვილმა პარტია გირჩის მიერ დაფუძნებულ ბიბლიური თავისუფლების დახურვაზე ისაუბრა.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმაზეც ისაუბრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, წვევამდელები სამხედრო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის უწყებებში შეძლებენ, ხოლო სტუდენტებს სავალდებულო სამსახურის გავლა 4-წლიანი სტუდენტობის ყოველ წელს ერთი თვით შეეძლებათ. ღარიბაშვილის თქმით, ცვლილებები 2025 წლიდან ამოქმედდება.

2017 წლიდან დღემდე, გირჩის ბიბლიურმა თავისუფლებამ მღვდელმსახურის მოწმობა დაახლოებით 50 000 ადამიანზე გასცა. ამ დოკუმენტით ახალგაზრდებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლეს.

კომენტარები