საქსტატი

მოსახლეობის მომდევნო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება – საქსტატი 

adf.org.au

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, მოსახლეობის მომდევნო აღწერის ჩატარების თარიღი 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდით განისაზღვრა. ამის შესახებ თოდრაძემ 2022 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ აღწერისთვის უარს ვამბობთ, ასე ვთქვათ, ტრადიციული მეთოდის გამოყენებაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, ანუ პირველი ორი კვირის განმავლობაში მონაცემთა შეგროვება დაიწყება თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით, ვებგვერდის საშუალებით და შემდეგ გაგრძელდება ე.წ. კაპი მეთოდის, ანუ პლანშეტური მეთოდის გამოყენებით". – აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

გარდა ამისა, თოდრაძის ინფორმაციით, 2023 წელს საქსტატის ბიუჯეტი 13 მილიონიდან თითქმის 21 მილიონ ლარამდე იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ "აქტიურ ფაზაში შედის მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები". 

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორმა ასევე დასძინა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, იანვარ-თებერვალში საზოგადოებას მუნიციპალური სტატისტიკის ახალ ინტერაქციულ პორტალს შესთავაზებს.

"[პორტალი] გააერთიანებს ჩვენ ხელთ არსებულ და ასევე ადმინისტრაციულ მონაცემებში არსებულ ინფორმაციას, დაახლოებით 100-მდე ინდიკატორს მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ”. – თქვა გოგიტა თოდრაძემ.

კომენტარები