COVID-19 ჩინეთში

კოვიდშეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ჩინეთში საავადმყოფოები გადატვირთულია

პეკინში მცხოვრები ექიმის, ჰოვარდ ბერნშტეინმის თქმით, ჩინეთში საავადმყოფოები გადატვირთულია. მისივე თქმით, სამ ათწლეულზე მეტია მსგავსი სიტუაცია არ უნახავს. საავადმყოფოში პაციენტები პნევმონიისა და COVID-ის სიმპტომებით სულ უფრო მზარდი რაოდენობით მიდიან. 

დეკემბრის დასაწყისში კოვიდშეზღუდვებზე პოლიტიკის შემსუბუქებამ დაინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. Reuters-ის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ჩინეთში ყველაზე დიდი კოვიდაფეთქებაა.

ბრიტანეთში არსებული ჯანმრთელობის მონაცემების ფირმის Airfinity-ის შეფასებით ჩინეთში, სავარაუდოდ, ყოველდღიურად 5000-ზე მეტი ადამიანი COVID-19-ით იღუპება. თუმცა ეს მონაცემები დრამატულად განსხვავდება პეკინის ოფიციალური სტატისტიკისგან.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, ჩინეთის ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა მზარდი რიცხვი ჩინეთში შემაშფოთებელია მსოფლიოსთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ჩინეთი გაუმკლავდება ამჟამინდელ კოვიდტალღას.

19 დეკემბერს  ჩინეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია პირველად გაავრცელა. პანდემიის დაწყებიდან ჩინეთს COVID-19-თან დაკავშირებული მხოლოდ 5 237 გარდაცვალების შემთხვევა აქვს აღრიცხული, ქვეყანაში კი 1.4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ექსპერტები სიტუაციის გაუარესებას ვარაუდობენ - მკაცრი შეზღუდვების ფონზე ქვეყნის მოსახლეობას COVID-19-ის წინააღმდეგ გამომუშავებული ბუნებრივი იმუნიტეტი არ აქვს. ამასთან ერთად, ასაკოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებული არ არის. 

კოვიდშეზღუდვების გავლენა ჩინეთის ეკონომიკაზე – მიზეზები და პროგნოზები

კომენტარები