COVID-19 ჩინეთში

კოვიდაფეთქების შემდეგ ჩინეთის მოსახლეობის ნაწილი რეგულარულ საქმიანობას უბრუნდება

პეკინის, შანხაისა და ვუჰანის მოსახლეობა ორშაბათიდან რეგულარულ საქმიანობას უბრუნდება, რაც ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივას ზრდის. 

დეკემბრის დასაწყისიდან ჩინეთში  COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, კოვიდაფეთქებამ საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია და ზოგიერთმა ქვეყანამ ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებზე შეზღუდვები დააწესა. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, ჩინეთის ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, COVID-19-ით ინფიცირებულთა მზარდი რიცხვი ჩინეთში შემაშფოთებელია მსოფლიოსთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ჩინეთი გაუმკლავდება ამჟამინდელ კოვიდტალღას.

19 დეკემბერს  ჩინეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია პირველად გაავრცელა. პანდემიის დაწყებიდან ჩინეთს COVID-19-თან დაკავშირებული მხოლოდ 5 237 გარდაცვალების შემთხვევა აქვს აღრიცხული, ქვეყანაში კი 1.4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ექსპერტები სიტუაციის გაუარესებას ვარაუდობენ - მკაცრი შეზღუდვების ფონზე ქვეყნის მოსახლეობას COVID-19-ის წინააღმდეგ გამომუშავებული ბუნებრივი იმუნიტეტი არ აქვს. ამასთან ერთად, ასაკოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებული არ არის. 

კომენტარები