ირანი

აიათოლას რბოლა დროის წინააღმდეგ

ირანი

აიათოლას რბოლა დროის წინააღმდეგ

რა ხდება დღეს

სექტემბერში დაწყებული საპროტესტო აქციები ირანის ისლამური რესპუბლიკის 43-წლიან ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ შიდა არეულობად იქცა. ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა, მოჰამედ ხათამიმ თქვა: “სტატუს კვოს შენარჩუნება კიდევ უფრო ზრდის საზოგადოების კოლაფსის შესაძლებლობას.” ამასთან დაკავშირებით ირანის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, უწყვეტი აქციების ფონზე ირანის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ ქვეყანაში “მორალის პოლიცია” უქმდება. მოსახლეობა ირანული ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს, რეჟიმი კი პროტესტის მოგერიებას მკვლელობებით აგრძელებს.

საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობით დაიწყო, რომელიც “მორალის პოლიციამ” მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა. პირველი საპროტესტო აქცია ამინის დაკრძალვის შემდეგ ქალაქ საყეზში გაიმართა, სადაც ქალებმა სოლიდარობის ნიშნად თავსაბურავები მოიხსნეს. საპროტესტო აქციაზე გამოსული ქალები თავიანთ ჰიჯაბებს იხსნიდნენ და ანადგურებდნენ, თმას საჯაროდ იჭრიდნენ და ‘თავისუფლების ცეკვას’ ასრულებდნენ.  მას შემდეგ აქციების მასშტაბიც შეიცვალა და მომიტინგეების მოთხოვნაც. თუ დასაწყისში მოქალაქეები მეტ თავისუფლებას ითხოვდნენ, დღეს მომიტინგეების მთავარი სურვილი ხელისუფლების დამხობაა.

ირანში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ინფორმაციით, მინიმუმ 500 მომიტინგე პროტესტების დარბევას  უკვე ემსხვერპლა. გარდაცვლილთაგან 69 ბავშვია. ამასთან, აქციების დაწყებიდან დღემდე პროტესტის 18 400 მონაწილეზე მეტია დაკავებული. აქედან, 11 მომიტინგეს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, მათგან 2 კი - სიკვდილით დასაჯეს.

დასავლეთის რეაქცია

ემანუელ მაკრონმა ირანში მიმდინარე მოვლენები ამგვარად დაახასიათა - ”ქალებმა წამოიწყეს ეს რევოლუცია… ისლამური რევოლუციის (1979) შვილიშვილები აწყობენ რევოლუციას”’. სექტემბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოსცა სანქციების სახელმძღვანელო ირანელი პროტესტის მონაწილეების მხარდასაჭერად. როდესაც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე ამ ინფორმაციის შესახებ დაწერა, ილონ მასკმა უპასუხა: ‘ვააქტიურებ სტარლინკს’, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ სტარლინკის ინტერნეტსაც აქვს მნიშვნელოვანი შეზღუდვები - კონკრეტული ტექნიკის საჭიროება და შედარებით მაღალი ღირებულება. 

ამასთან, დასავლური ქვეყნებისთვის ირანის ბირთვული პროგრამა და მისი ბოლოდროინდელი ჩართულობა უკრაინის ომში შფოთვის წყაროა. იმის მიუხედავად, რომ ირანთან მოლაპარაკებები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღსადგენად დროებით შეჩერდა საპროტესტო ტალღის გაჩენამდე, ორივე მხარე მაინც ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ ჩაშლილა და ფანჯარა დიპლომატიური გადაწყვეტისათვის ისევ ღიაა. გასაკვირი არ იქნება, რომ ირანში მიმდინარე პროტესტმა და მომიტინგეების მხარდაჭერამ ამ პერსპექტივას მარტივად შეუქმნას საფრთხე.

დასავლეთს მიღმა სახელმწიფოებისთვის ეკონომიკა და უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთის თეოკრატიას - ირანს. ჩინეთსა და რუსეთს – ორ უმსხვილეს არადასავლურ სახელმწიფოებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ თეირანთან. 

პროტესტის სიმძლავრე 

მუჰამედ ალი კადივარი, ირანში დაბადებული სოციოლოგი, წერს: ,,რეპრესია არ შეაჩერებს ამ მოძრაობებს. ზეწოლის შემთხვევაშიც კი, ეს ადამიანები წავლენ სახლში, მაგრამ მეორე დღეს აუცილებლად დაბრუნდებიან.” ბოლო წლებში ირანელებს ცვლილების მოთხოვნის საშუალებად მხოლოდ პროტესტი დარჩათ, მათი პოლიტიკური თავისუფლება კი წლიდან წლამდე მცირდება. ირანის წინა პრეზიდენტის ჰასან როჰანის დროს “მორალის პოლიცია” არ ატარებდა ამდენად მკაცრ პოლიტიკას, რაც მცირეოდენ თავისუფლებას აძლევდა ირანელ ქალებს - ზოგიერთ ქალაქში ქალები ჰიჯაბის გარეშე გამოდიოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ასეთ კონსერვატიულ ქალაქში, როგორიც ყუმია.

პროტესტმა გააერთიანა სხვადასხვა სოციალური ფენის, პროფესიისა თუ ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი. სწორედ ამიტომ აღნიშნავენ, რომ მიმდინარე მოვლენები აქამდე არნახული მასშტაბისაა და პროტესტის ტალღა უფრო ძლიერია, ვიდრე 2019, 2017 ან 2009 წელს იყო.

ვართ თუ არა ახალი ირანული რევოლუციის თვითმხილველნი?

საკმაოდ მიმზიდველია ირანის წინააღმდეგ იმ პოლიტიკის მორგება, რამელმაც 1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია. სტრატეგიამ ცივი ომი მშვიდობიანად დაასრულა  - ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების გამარჯვებით, პირდაპირი კონფლიქტის გარეშე. პოლიტიკათა ამ ნაკრებს ფრედერიკ კაგანი “გამარჯვების სტრატეგიას” უწოდებს. 

“გამარჯვების სტრატეგიამ” ასეთ წარმატებას არა მხოლოდ პოლიტიკის არქიტექტორ რონალდ რეიგანის გამო, არამედ მისი საბოლოო მსხვერპლის - მიხეილ გორბაჩოვის გამოც მიაღწია. საბჭოთა კავშირი არ დაცემულა იმის გამო, რომ მან დაკარგა საკუთარი მოსახლეობის ან თუნდაც ვარშავის პაქტის ქვეყნების ჩაგვრის უნარი, არც პაქტის წევრებისადმი აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო დახმარების კონტროლი. ის დაეცა შედარებით მშვიდობიანად და უსისხლოდ, რადგანაც გორბაჩოვს ძალაუფლების შესანარჩუნებლად საჭირო მასშტაბის სისხლის დაღვრის სურვილი არ ჰქონდა. 

“ჩვენ გვეუბნებიან, რომ მაგიდაზე მუშტი უნდა დავარტყათ. ზოგადად, ამისი გაკეთება მართლაც შეიძლება, მაგრამ ამის სურვილი არ არსებობს”. - როგორც ციტირებს ლეონ არონი მიხეილ გორბაჩოვს წიგნში “გზები ტაძრებისკენ”. 

იმის ალბათობა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა დაკარგავს საკუთარი ხალხის მკვლელობის სურვილს, კრიტიკული ცვლადია იმის დასადგენად, წავა თუ არა რეჟიმი საბჭოთა კავშირის მსგავს გზაზე მაქსიმალური ზეწოლის შემთხვევაში. 

მრავალი საფუძვლიანი არგუმენტი გვაქვს იმის დასაჯერებლად, რომ ამჟამინდელი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი არ დაკარგავს საკუთარი ხალხის მოკვლის სურვილს. ირან-ერაყის სისხლიანი ომის ვეტერანს არაერთხელ უბრძანებია უსაფრთხოების ძალებისთვის, რომ დაეხოცათ ირანელი ხალხი. ამის მაგალითია 2009 წელს გაყალბებული არჩევნების საწინააღმდეგო პროტესტიც. 

თუმცა ხამენეი მოხუცდა და დასუსტებულია, მისი მემკვიდრე ჯერ არ დასახელებულა და, ალბათ, არც არის შერჩეული. ბევრი იქნება დამოკიდებული მისი მემკვიდრის სურვილზე, მოკლას თავისი მოქალაქეები, თუმცა ამ ცვლადის განსაზღვრა დარწმუნებით ჯერ შეუძლებელია იმდენად, რამდენადაც  არ ვიცით, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი დიქტატორი.

“მე ვერ ვხედავ ნიშანს, რომ რომელიმე მაღალჩინოსანს ოდნავი ეჭვი ჰქონდეს ისლამური რესპუბლიკის სტაბილურობასთან დაკავშირებით”. - თქვა მუჰამედ მარანდიმ, თეირანის უნივერსიტეტის პროფესორმა და ირანის ბირთვული მოლაპარაკებების გუნდის მრჩეველმა. ”ისინი ნამდვილად რომ წუხდნენ არეულობის სწრაფად დასრულებაზე, ბევრად უფრო მძიმე ხელს გამოიყენებდნენ.”

ირანის ისლამური რესპუბლიკა სულ რაღაც ოთხი დეკადაა, რაც არსებობს და 1979 წლის შემდეგ მხოლოდ ორი ლიდერი ჰყავდა. ის თაობების მხრივ, საბჭოთა კავშირის 1950-იან წლებს, ანუ ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდს ჰგავს. ნიკიტა ხრუშჩოვი ასევე იბრძოდა რუსეთის რევოლუციასა და სამოქალაქო ომში, რომელმაც საბჭოთა კავშირის შექმნა განაპირობა. დღეს ირანის ხელმძღვანელობის დემოგრაფია უფრო მჭიდროდ ასახავს 1950-იანი წლების საბჭოთა ხელმძღვანელობას, ვიდრე 1980-იანი წლების დემოგრაფია. 

თაობათა და დემოგრაფიული განსხვავება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. ისინი, ვინც მონაწილეობენ რევოლუციებში, მეტად ლოიალურები არიან რევოლუციური იდეალების მიმართ, ვიდრე ისინი, ვინც შემდგომ თაობებში იზრდებიან. ამ თაობას ახსოვს რევოლუციამდელი ვითარება, რომლის წინააღმდეგაც იბრძოდნენ და შეგნებულად აირჩიეს რევოლუციური იდეოლოგიის დაცვა უფრო ძლიერი კონკურენტი იდეების წინაშე. მათ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს. იმ იდეების სადაჯაროზე დადგნენ, რომლებიც ერთ დროს მიუღწეველი ჩანდა. და რაც ყველაზე მთავარია, დახოცეს უამრავი ადამიანი, შესწირეს მეგობრები იმისათვის, რომ ხელისუფლებაში თავიანთი იდეოლოგია ენახათ. აქედან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რევოლუციონერები მარტივად, ბრძოლის გარეშე დათმობენ თავიანთ რეჟიმსა და პოზიციებს. 

ეკონომიკური კოლაფსი, როგორც რეჟიმის შესუსტების გზა

მარქსიზმ-ლენინიზმის ცენტრი ეკონომიკური იდეაა. მისი პოლიტიკური, კულტურული და თავდაცვითი კომპონენტები გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ დასავლური კაპიტალიზმი უსამართლოა და განწირულია საბოლოო წარუმარტებლობისთვის, მარცხისა და თვითგანადგურებისთვის. საბჭოთა ლიდერებს თუ რამის სჯეროდათ საკუთარი იდეოლოგიიდან, ეს პირველ რიგში უნდა ყოფილიყო მათი ეკონომიკური ხედვის აღმატებულობა, ან ის, რომ მათ ეკონომიკურ ხედვას შეეძლო დასავლურზე უკეთესი ყოფილიყო. რამდენადაც ეს რწმენა მცდარი აღმოჩნდა, მთლიანი იდეოლოგიის დაცვა უკიდურესად გართულდა. ამგვარად, გამარჯვების სტრატეგიამ პირდაპირ დაარტყა იდეოლოგიის გრავიტაციის ცენტრს და მთლიანი რეჟიმის ლეგიტიმურობა მოარყია. ამგვარი სტრატეგიის ეფექტურობამ საბჭოთა ლიდერები გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააგდო, ამაზე ეფექტიანი პასუხი კი შეუძლებელი გახადა.

თუ მარქსიზმ-ლენინიზმის ცენტრი ეკონომიკურ იდეაზე იდგა, ისლამური რესპუბლიკის იდეოლოგიას პრაქტიკულად არ გააჩნია მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტი. ეს არის ანტი-კოლონიალიზმის (რომელიც შემდგომ ანტი-ამერიკანიზმად ტრანსფორმირდა), სპარსული ნაციონალიზმისა და პოლიტიკური შიიზმის იდიოსინკრატული ერთობლიობა. აითოლა ალი ხამეინიმ ცოტა რამ იცოდა ეკონომიკის შესახებ და კიდევ უფრო ნაკლებად ზრუნავდა მასზე. მისმა მრჩევლებმა, ქვეშევრდომებმა და მემკვიდრეებმა სცადეს, გამოეყენებინათ რამდენიმე ეკონომიკური პოლიტიკა, რომლებიც, მათი აზრით, შეესაბამებოდა რევოლუციურ სიტუაციას (ცხადია, მარქსისტული ხედვა გავლენას ახდენდა ირანის რევოლუციური ელიტის მნიშვნელოვან ელემენტებზე), მაგრამ მათ ვერასდროს მიაღწიეს რაიმე მკაფიო კონსენსუსს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ასეთი პოლიტიკა. 

მაქსიმალური ზეწოლის სტრატეგიის განხორციელება, რომელიც ირანზე იქნება მორგებული, გაამწვავებს ირანის ეკონომიკურ დისფუნქციას და პარალელურად შეამცირებს რესურსებს, რომელიც რეჟიმს შეუძლია, გამოიყენოს მოსახლეობის მოსყიდვის ან ზეწოლის მიზნით. ასეთი ტიპის ზეწოლას გავლენა ექნება მიმდინარე დაბალი სიხშირის საპროტესტო მოძრაობებზეც, უკმაყოფილება მასშტაბებს გაზრდის და საფრთხეს შეუქმნის რეჟიმის სტაბილურობას. თუმცაღა, ცხადი და გარდაუვალი არ არის, რომ გარეშე მტრებისგან გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს ამგვარი ეფექტი ექნება რეჟიმზე. 

თუმცა, გასათვალისწინებელია ერთი კრიტიკული განსხვავება, რომელმაც ნებისმიერი გამარჯვების სტრატეგიის მარცხი შეიძლება გამოიწვიოს. საბჭოთა კავშირი იყო ერთადერთი დიდი სახელმწიფო, რომელიც არ იყო დასავლურ ალიანსში. როდესაც ის დასუსტდა და დაეცა, არ არსებობდა სხვა სახელმწიფო, რომლისთვისაც შეეძლო მიემართა დახმარების მიღების მიზნით. ირანის შემთხვევაში ამგვარად არ არის, თეირანს მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ჩინეთთან. ორივე სახელმწიფო საკმარისად ძლიერი და მდიდარია იმისთვის, რომ, სურვილის შემთხვევაში, ირანს დახმარების ხელი გაუწოდონ. ირანი, ამ მხრივ, უფრო ჩრდილოეთ კორეას გავს, ვიდრე საბჭოთა კავშირს - მას, როგორც ეკონომიკურ კლიენტს შეუძლია გადარჩენა, თუ ის დაარწმუნებს დიდ ძალას მისი მფარველობის აუცილებლობაში, სანამ ეს ძალა უმოქმედოდ ელოდება გამარჯვების სტრატეგიის მარცხს.

ირანის იზოლირება გარე რესურსებისგან და რეჟიმის იძულება, კონცენტრირება მოახდინოს საკუთარი მოსახლეობის კონტროლზე, იქნება მთავარი მიღწევა, რომელიც გარდაქმნის ახლო აღმოსავლეთს. ამგვარი ძალისხმევის სიმძიმის ცენტრებია:

  • ირანის იზოლირება გარე მხარდამჭერებისა და მიმწოდებლებისგან;
  • ირანის საზღვრებს მიღმა რესურსების მოპოვებისა და კონტროლის თავიდან აცილება (ლიბანი, სირია, ერაყი);
  • ირანის ძალისხმევის შეფერხება, რომ ააშენოს ბირთვული არსენალი და გააფართოვოს კონვენციური სამხედრო შესაძლებლობები;
  • ირანში შიდა უკმაყოფილების წახალისება რეჟიმის წინააღმდეგ (იმ მოლოდინის გარეშე, რომ ეს უკმაყოფილება დროის რომელიმე მონაკვეთში რეჟიმის დამხობას გამოიწვევს). 

გრძელვადიანი მიდგომა ფოკუსირებული იქნება ამერიკის მოკავშირეებს შორის კონსენსუსის მიღწევაზე “გამარჯვების სტრატეგიის” განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს სტრატეგია თავისთავად ხელისშემშლელი იქნება ჩინეთისა და რუსეთისათვის; ისინი ვეღარ შეძლებენ ისლამური დიქტატურის დახმარებას. ასევე, შეფერხდება  სტრატეგიული მასალების მიწოდების ჯაჭვი, რომელიც ირანს ბირთვული და კონვენციური სამხედრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად სჭირდება. ეს იძულებულს გახდის ირანს ერაყსა და სირიაში პოზიციებისთვის იბრძოლოს, რაც ეკონომიკაზე ცალსახად უარყოფითად აისახება. მსგავსი სტრატეგია ირანს აიძულებს, შეაჩეროს მოძრაობა რეგიონული ჰეგემონიისკენ, გაამძაფრებს განხეთქილებას ირანელ ხელმძღვანელებს, რეჟიმსა და ხალხს შორის. და, შესაძლოა, დროთა განმავლობაში, უნიკალურად ირანული გზით  გამოიწვიოს რეჟიმის ხასიათის ცვლილება.

კომენტარები