ვაგნერის ჯგუფი

განის პრეზიდენტი ბურკინა-ფასოს რუსულ ვაგნერის ჯგუფთან შეთანხმებაში ადანაშაულებს

ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი, იბრაჰიმ ტრაორე
Getty Images

განის პრეზიდენტი, ნანა აკუფო-ადდო მეზობელ ქვეყანას, ბურკინა-ფასოს, ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რუსულ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან შეთანხმების გაფორმებაში ადანაშაულებს.

ბრალდებასთან დაკავშირებით ბურკინა-ფასოს სამხედროებით დაკომპლექტებულმა მთავრობამ განის ელჩი გამოიძახა.

განის პრეზიდენტის თქმით, ვაგნერის ჯგუფის ბურკინა-ფასოში ყოფნა აღმაშფოთებელია. 

აკუფო-ადდომ საკითხთან დაკავშირებით აშშ-აფრიკის სამიტზე, ვაშინგტონში ისაუბრა. 

"დღეს რუსი მოქირავნეები ჩვენს დასავლეთ საზღვრებთან არიან. ბურკინა-ფასო შევიდა ვაგნერის ძალების დაქირავების შეთანხმებაში, მალის მსგავსად". – თქვა განის პრეზიდენტმა. 

მისივე მტკიცებით, ბურკინა-ფასომ ვაგნერის ჯგუფს ანაზღაურების სახით, სავარაუდოდ, ოქროს მაღარო გადასცა, რათა ეს უკანასკნელები 2015 წელს დაწყებული ისლამისტური ამბოხების ჩახშობაში დაეხმარონ. მისივე თქმით, ეს მაღარო განის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

ბურკინა-ფასოს მეზობლად მყოფი მალი მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად უკვე რამდენიმე წელია რაც რუსულ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს იყენებს. მას შემდეგ, რაც ამ წლის სექტემბერში ბურკინა-ფასოში კაპიტანმა იბრაჰიმ ტრაორემ გადატრიალება მოაწყო, არსებობდა სპეკულაციები, რომ ის მალის მიბაძავდა და რუს მოქირავნეებს დაიქირავებდა. ორივე ქვეყანამ ყოფილ კოლონიურ ძალასთან, საფრანგეთთან უსაფრთხოების კავშირები გაწყვიტა.

კაპიტანი ტრაორე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ტერიტორიებს ჯიჰადისტებისგან გაათავისუფლებს და 2024 წლის ივლისში დემოკრატიულ არჩევნებს გამართავს.

გასულ კვირებში შეიარაღებული პირების თავდასხმების გამო ბურკინა-ფასოდან განაში ასობით ადამიანი გადავიდა.

ბოლო ხანებში ბურკინა-ფასოს პრემიერმინისტრი, აპოლინერ კიელემი რუსეთს ესტუმრა, თუმცა განის პრეზიდენტის ბრალდება ამ დრომდე დადასტურებული არაა.

საფრანგეთმა ამ წლის აგვისტოში მალი სწორედ იმ ცნობების გამო დატოვა, რომელთა მიხედვითაც ამ აფრიკული ქვეყნის მთავრობა რადიკალ ისლამისტებთან ბრძოლაში ვაგნერის მებრძოლებს იყენებდა.

მალის სამხედრო ხელისუფლება რუს მოქრიავნეებს ინსტრუქტორებს უწოდებს. მათი დახმარების მიუხედავად, მალიში ჯიჰადისტების თავდასხმები გრძელდება.

ვაგნერის ჯგუფის მოქირავნეები განლაგებული არიან ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მოზამბიკაშიც.

კომენტარები