ავღანეთი

თალიბანმა პაკისტანის საზღვართან საარტილერიო ცეცხლი გახსნა, დაიღუპა 6 მშვიდობიანი მოქალაქე

თალიბანის საარტილერიო ცეცხლის შედეგი.
Getty Images

11 დეკემბერს თალიბანმა პაკისტანის საზღვართან არტილერიისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ცეცხლი გახსნა. შემთხვევა ჩამანის გამშვებ პუნქტთან მოხდა.

შემთხვევას 6 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავდა, მინიმუმ, 17 ადამიანი. პაკისტანი შემთხვევას "არაპროვოცირებულ" დაბომბვას უწოდებს.

პაკისტანის ძალებმა ავღანეთის მიმართულებით საპასუხო ცეცხლი გახსნეს. დაიღუპა ერთი ავღანელი მებრძოლი. 

გაურკვეველია თუ რამ გამოიწვია შემთხვევა საზღვარზე, რომელიც მხარეებს შორის სადავოა.

პაკისტანის პრემიერმინისტრის, შეჰბაზ შარიფის თქმით, ავღანეთის ქმედება "უმკაცრეს დაგმობას იმსახურებს".

ორ ქვეყანას შორის არსებული სადავო საზღვარი 1893 წელს ბრიტანეთის მიერ დადგენილი გამყოფი ხაზია, რომელსაც დურანდის ხაზი ჰქვია. ხაზის ორივე მხარეს ეთნიკური პუშტუნები ცხოვრობენ. 

გამოცემა Reuters-თან ავღანური წყაროები ამბობენ, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პაკისტანმა ავღანელებს მოსთხოვა, რომ მათ ძალებს პაკისტანის მხარეს გამშვები პუნქტების შენება შეეწყვიტათ. ამას გარდა, ინფორმაციული სააგენტო AFP-ს ინფორმაციით, თალიბანის წარმომადგენლებმა მათთან თქვეს, რომ დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ავღანელებმა საზღვარზე არსებული ღობის ნაწილის მოჭრა სცადეს.

2017 წლის შემდეგ პაკისტანი ავღანეთის საზღვარზე გამყოფ ღობეს აშენებდა, რასაც ეწინააღმდეგებოდა როგორც ავღანეთის წინა მთავრობა, ასევე თალიბანიც, რომელმაც ძალაუფლება გასულ წელს მოიპოვა. 

გამშვები პუნქტი სროლის შემდეგ ჩაიკეტა, თუმცა მას შემდეგ გაიხსნა, რაც ორივე მხარის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.

ჩამანის გამშვებ პუნქტთან ცეცხლი გასულ პერიოდშიც გაუხსნიათ. ამ გამშვებ პუნქტს ყოველ დღე ათასობით ადამიანი იყენებს. ის გასულ თვეში რვა დღით ჩაკეტეს, მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირმა საზღვართან პაკისტანელი სამხედრო მოკლა.

პაკისტანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პაკისტანური შეიარაღებული დაჯგუფებები ავღანეთის ტერიტორიიდან თალიბანის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ უფრო ხშირად ხსნიან ცეცხლს. თალიბანს მსგავსი ჯგუფების მფარველობაში ადანაშაულებენ, რასაც ავღანური დაჯგუფება უარყოფს.

ორი კვირის წინ ქაბულში მდებარე პაკისტანის საელჩოს თავს დაესხა შეიარაღებული პირი, რასაც ისლამადმა ქვეყანაში მათი უმაღლესი დიპლომატის მკვლელობის მცდელობა უწოდა.

კომენტარები