ენმ

ენმ-ს შიდასაარჩევნო კამპანიის დროს, ცისკარიშვილს პარტიის ფინანსების განსაზღვრა შეუზღუდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს პარტიის ფინანსების განკარგვის შესაძლებლობა შიდასაარჩევნო კამპანიის პროცესის დროს შეუზღუდეს. ამის შესახებ ენმ-ს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა.

წიკლაურის თქმით, გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული და მიზეზი არის ის, რომ ცისკარიშვილს თავმჯდომარის არჩევნების კანდიდატთან დაკავშირებით გამოხატული აქვს საკუთარი პოზიცია.

"მთელი პარტიული, ფინანსურ-ეკონომიკური რესურსი, რომელიც განიკარგებოდა პარტიის გენერალური მდივნის, ბატონი პეტრე ცისკარიშვილის მიერ, ამიერიდან იქნება შეჩერებული. ბატონ პეტრეს შეეზღუდა შესაძლებლობა, რომ განკარგოს ეს ფინანსური რესურსები, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია როგორც გენერალურ მდივანს... იმიტომ რომ, ჩვენ ვართ წარმომადგენლები სხვადასხვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, სხვადასხვა მხარის, სხვადასხვა პოზიციები გვაქვს, რადგან მეც, სხვასაც, გამოხატული გვაქვს ეს პოზიციები და ბატონ პეტრესაც ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ ჰქონდა გამოხატული". – თქვა წიკლაურმა. 

წიკლაური არ ასახელებს თუ ვინ იქნება ცისკარიშვილის დროებითი ჩამნაცვლებელი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას თქმით, პარტიის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. შიდა არჩევნების კანდიდატთა რეგისტრაცია 13 დეკემბერს, 18:00-ზე შეწყდება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ნოემბრიდან ითხოვს. პარტიის წევრების ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ ენმ-ს "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება".

ამჟამად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი და აქტივისტი გიორგი მუმლაძე. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა.

ენმ-ს გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებზე საუბარი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ოლიგარქობაში დასდო ბრალი.

გიორგი მუმლაძის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი "უუნარო მელიას ჩამოცილებაა". მუმლაძე ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები გაიხსნება".

ლევან ხაბეიშვილი აზრით, ენმ-ს "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია. თავდაპირველი უარყოფის მიუხედავად, 16 ნოემბერს ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ისიც აყენებს.

კომენტარები