ევგენი პრიგოჟინი

"ტომრით ხომ არ წაგიყვან" – ვრცელდება სავარაუდოდ პრიგოჟინისა და ლუკაშენკოს მორიგი ჩანაწერი

რუსულ ტელეგრამ-არხებზე სავარაუდოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ევგენი პრიგოჟინს შორის ვაგნერის ჯგუფის აჯანყების დღეს გამართული მოლაპარაკებების აუდიოჩანაწერის მეორე და მესამე ნაწილები გავრცელდა. კვლავ შეუძლებელია ჩანაწერების სინამდვილის დადგენა.

ჩანაწერებეში, სავარაუდოდ, ლუკაშენკო პრიგოჟინს უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება.

"თუ მე მას ახლო მომავალში ვერ ვიპოვი, მე მზად ვარ მიგიღო, ღამით, დილით, ნებისმიერ დროს. ყველა შენიანს განვათავსებთ, მოვათავსებთ კარვებში მეთაურობას და ვიმუშავებთ ხალხთან. უსაფრთხოების გარანტიას გაძლევ. მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე გაგიჟდება რუსებიდან და რაიმე თავდასხმას დაიწყებს." – ამბობს ლუკაშენკო.

ჩანაწერში პირი, რომელიც, სავარაუდოდ, პრიგოჟინია, ამბობს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვისგან უსაფრთხოების გარანტიები და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების დასრულება სურს. როგორც ჩანს, ბორტნიკოვთან კომუნიკაცია ლუკაშენკოს ჰქონდა.

"ჩემთვის ყველაზე მთავარია უსაფრთხოება ამ სიტუაციაში, თუ ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდება, რომ ბორტნიკოვმა საქმეები დახუროს, მათთან ამაზე საუბარი კიდევ საჭიროა." – ამბობს პრიგოჟინი.

ჩანაწერის მიხედვით, ლუკაშენკომ ბორტნიკოვს შეთანხმების გეგმა გააცნო. ლუკაშენკო ხაზს უსვამს, რომ პუტინი შესაძლოა ძალიან გადაიღალა.

"ვუთხარი მე მას. ვუთხარი, შენ წამოიწყე სისხლის სამართლის საქმე ჟენიას წინააღმდეგ-მეთქი, მან მითხრა: "ნუ, ეს დეტალებია, ეს ნიუანსებია". მე სწორედ ამაზე ვესაუბრე, ვუთხარი: "მითხარი, დავუშვათ, რუსეთის პრეზიდენტი ხარ, ეს კარგი გეგმაა?". მითხრა ძალიან კარგია, სისხლი არ დაიღვრებაო. როცა იტყვის, რომ სისხლი დაიღვრება, მაშინ მორჩება ყველაფერი. აი ასეთი სიტუაციაა. მე მგონია, რომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ორი ღამე არ ეძინა და უკვე ფეხზე ძლივს დგას, მე ასე მგონია." – ამბობს ჩანაწერში ლუკაშენკო.

პრიგოჟინი აუდიოჩანაწერში ლუკაშენკოს ეკითხება, დაურეკოს თუ არა ბორტნიკოვს, რათა გარანტიები პირადად მიიღოს.

"შეგიძლია დაურეკო. შემიძლია მე დავურეკო და ვუთხრა, რომ შენ კიდევ ერთხელ გესაუბრე და მზად ხარ, რომ სისხლი არ დაღვარო... შენთვის ახლა მთავარია ბელარუსში მოხვდე." – პასუხობს ლუკაშენკო.

პრიგოჟინი ჩანაწერში ხაზს უსვამს, რომ ბელარუსში შეუძლია ტანკებით შევიდეს, მაგრამ ამატებს, რომ "ეს სწორი არ იქნება".

"ტომრით ხომ ვერ წაგიყვან, როგორც ერთხელ ბორის ბერეზოვსკი მეკითხებოდა, კრემლში ტომრით ხომ არ წამიყვანთო? მე ვეუბნებოდი, ბორის, თუ პირობა მოგეცი, რომ არ წაგიყვან, ესე იგი არ წაგიყვან." – ეუბნება ლუკაშენკო პრიგოჟინს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

ჩანაწერში ლუკაშენკო ამბობს, რომ მისი აზრით, ბორტნიკოვი შეთანხმებას ეთანხმება, მაგრამ გარანტიები სჭირდებათ.

ლუკაშენკო პრიგოჟინს ეუბნება, რომ გეგმა რუსეთის მთავრობასთან შეთანხმების გარეშეც რომ დაიწყოს, ის მას მაინც მიიღებს და არც პუტინის შენიშვნას შეუშინდება. 

"კიდევ ერთხელ გეუბნები, თუ შენ ამ გეგმის რეალიზებას პირდაპირ ახლა გადაწყვეტ, ზედა ეშელონებთან შეთანხმების გარეშე, მე მაინც  მიგიღებ. მე მზად ვარ მიგიღო ბელარუსში შენს მებრძოლებთან და ტექნიკასთან ერთად, განგათავსოთ, გამოგკვებოთ და დანარჩენზე შევთანხმდებით. და თუნდაც ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა რომ მითხრას, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, მე უკვე უკან არ დავიხევ... ჩემი პოზიცია ერთია: არ მსურს, რომ მონათესავე ადამიანებმა ერთმანეთი დახოცონ. რატომ უნდა დახოცო ისინი და იმათმა შენები, როცა ერთ სანგრებში ისხედით? ჩვენ ჯერ კიდევ სხვასთან გვაქვს საომარი. ვაგნერი კვლავ გამოგადგება." – ამბობს ლუკაშენკო, რასაც პრიგოჟინი ეთანხმება.

მესამე ჩანაწერში პრიგოჟინი ლუკაშენკოს კვლავ ეუბნება, რომ ბორტნიკოვთან დარეკვა სურს, რათა მან რამე დაუდასტუროს.

"ჟენია, მომისმინე. მე ახლა მას დავურეკავ და ვეტყვი, რომ შენ მას თავად დაურეკავ, რომ გიპასუხოს. წინასწარ მოვამზადებ, შენ კი დაურეკე. მოდი ასე შევთანხმდეთ, დაურეკე 20 წუთში, გაწყობს?" – ეკითხება ლუკაშენკო პრიგოჟინს, რაზე დადებით პასუხს იღებს.

"ჟენია, მხოლოდ ამას გთხოვ, არავის ესროლოთ, არავინ მოკლათ, განსაკუთრებით სამოქალაქო პირები. თუ თქვენ გესვრიან, უკან არ ესროლოთ... შემდეგ უკვე რთულად იქნება..." – ამატებს ლუკაშენკო.

აუდიოჩანაწერში ლუკაშენკო და პრიგოჟინი აჯანყებული ოლიგარქის მიერ რუსეთის დატოვების გზებსაც განიხილავენ.

"შემდეგ გადაწყვიტე. ან დამელოდები, ან შემობრუნდები, ბელარუსისკენ წამოხვალ და გეტყვით შეხვედრის ადგილს." – ამბობს ლუკაშენკო.

"მე ბორტნიკოვს ვეტყვი, რომ სამხედროების ნაწილს დაბლა, პოლიგონზე გავგზავნით, ნაწილს კი ბელარუსის რესპუბლიკაში." – პასუხობს პრიგოჟინი.

ამის შემდეგ ლუკაშენკო პრიგოჟინს ეუბნება, რომ ქვეყანაში შესვლის საუკეთესო გზა გომელის გავლით იქნება და ამაზე შემდეგ შეთანხმდებიან.

"აქედან მე კარგ კადრებს გამოგიგზავნით, ისინი კი, ვინც უბრალოდ ჯარისკაცები არიან, ზოგს გამოგიგზავნით, ზოგს არა." – ჰპირდება ლუკაშენკო პრიგოჟინს.

ლუკაშენკო პრიგოჟინს აფრთხილებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაურეკოს.

პირველი მსგავსი ჩანაწერი 20 ნოემბერს გავრცელდა. მასში ლუკაშენკო პრიგოჟინს ეუბნებოდა, რომ პუტინთან ჯერ კიდევ არ უსაუბრია.

რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ლუკაშენკოს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრიგოჟინმა 24 ივნისის ღამეს როსტოვი დატოვა. აჯანყება დასრულდა. ვაგნერელები ბელარუსში გადავიდნენ.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში პრიგოჟინი რუსეთში ფრენებს აგრძელებდა.

ევგენი პრიგოჟინი 23 ივნისის აჯანყებიდან ორი თვის თავზე, 23 აგვისტოს მოკვდა, როცა მისი თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა. დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, პრიგოჟინის მკვლელობის ორგანიზატორი რუსეთის მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი იყო. კსკ ვაგნერის დამფუძნებელთან ერთად მოკვდა დმიტრი უტკინიც, ზედმეტსახელად ვაგნერი, რომელიც ჯგუფის სამხედრო მეთაური იყო.

 

კომენტარები