ევგენი პრიგოჟინი

Meduza: პრიგოჟინი რუსეთში "პატრიოტული კონსერვატიული მოძრაობის" შექმნას აპირებს

ევგენი პრიგოჟინი რუსეთისა და თურქეთის ოფიციალურ პირთა და ბიზნესების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, 2016 წლის 9 აგვისტო.
Mikhail Metzel/TASS via Getty Images

რუსული ოპოზიციური მედია, Meduza საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი "კონსერვატიული მოძრაობის" შექმნას აპირებს.

მედუზას ორი წყარო, რომლებიც ახლოს არიან კრემლთან და პრიგოჟინსაც იცნობენ, ამბობს, რომ ბიზნესმენის მიერ ბოლო დროს დაწყებული "ანტიელიტური რიტორიკა" შემთხვევითი არაა. მათი ინფორმაციით, პრიგოჟინი აპირებს შექმნას "კონსერვატიული მოძრაობა", რომელიც მომავალში, შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიად გადაიქცეს.

როგორც მედუზა წერს, ეს მოძრაობა საკუთარ ფსონს "პატრიოტიზმსა და სახელმწიფოებრიობაზე" დადებს და რუსი მაღალჩინოსნებისა და ბიზნესმენების კრიტიკით იქნება დაკავებული. წყაროების ცნობით, პრიგოჟინს მსგავსი იდეა, სხვა გარემოებებთან ერთად, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დააკვირდა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯგუფის მუშაობას, რომელიც კორუფციასთან დაკავშირებულ გამოძიებებს რეგულარულად აქვეყნებს. მედუზა წერს, რომ ეს ინფორმაცია დაადასტურა სანქტ-პეტერბურგის ადგილობრივ მთავრობასთან კავშირში მყოფმა წყარომაც.

მედუზასთან წყაროებმა დაამატეს, რომ "ანტიელიტურ" ნარატივთან ერთად, პრიგოჟინი "რევანშისტული" მიდგომების გამოყენებასაც აპირებს: "[ის] სამხედრო წარუმატებლობისთვის შურისძიების გრძნობას გააღვივებს – შემდეგ ჩვენ ჩვენსას მაინც მივიღებთ. ვინაა დამნაშავე იმაში, რომ კიევამდე ვერ მივედით და დავთმეთ ხერსონი? დიახ, იგივე ელიტა". – ამბობს მედუზას წყარო.

მედუზასთან კრემლთან ახლოს მყოფი წყაროები ამბობენ, რომ ამ პროექტში პრიგოჟინს შესაძლოა ეწოდოს ძმები მიხაილ და იური კოვალჩუკების "უმცროსი პარტნიორი". კოვალჩუკები რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენები არიან. რუსული გამოცემა აღნიშნავს, რომ ძმები კოვალჩუკები და პრიგოჟინი დაპირისპირებული არიან სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორთან, ალექსანდრ ბეგლოვთან. 

მედუზას კრემლთან დაახლოებული წყაროს შენიშვნით, პრიგოჟინი "კოვალჩუკების ერთ-ერთი ინსტრუმენტია" და ძმებს სურთ პუტინს აჩვენონ, რომ შეუძლიათ "ქვეყნის პოლიტიკის მთავარ ოპერატორებს" შორის იყვნენ. მისივე თქმით, ძმები ელიტების დემორალიზაციასა და დაშინებას იმისთვის იყენებენ, რომ ისინი პუტინს არ განუდგნენ.

მედუზას კრემლთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ომის დაწყების შემდეგ, პრიგოჟინი პუტინს მუდმივად უკავშირდება. თუმცა, მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ არ იციან, განიხილა თუ არა საკუთარი პოლიტიკური მომავალი ბიზნესმენმა რუსეთის პრეზიდენტთან. მათი თქმით, თუ ასე არ მომხდარა, სავსებით შესაძლებელია, რომ პრიგოჟინმა კრემლისგან "სანქციები" მიიღოს.

"უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროექტი განკუთვნილია ულტრაპატრიოტული უმრავლესობისთვის, რომელიც, შესაძლოა, ერთდროულად მთავრობას ყველაფერში მხარს არ უჭერდეს და ელიტას, მაღალჩინოსნებსა და ბიზნესმენებს კრიტიკულად უყურებდეს". – თქვა მედუზას კრემლთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა წყარომ და დაამატა, რომ ძალოვანთა ზოგიერთ მაღალჩინოსანს პრიგოჟინის მზარდი გავლენა უკვე აღელვებს.

გასულ დღეებში პრიგოჟინმა რუსული ელიტა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მათ ნაწილს ბრალი მოღალატეობაშიც დასდო, როდესაც მან კომენტარი გააკეთა უკრაინის მხარეს გადასული ვაგნერის ჯგუფის ყოფილი მებრძოლის უკანონო სიკვდილით დასჯის კადრებზე. 

"ნუჟინმა საკუთარ ხალხს უღალატა, უღალატა საკუთარ ამხანაგებს, უღალატა გაცნობიერებულად. ის ტყვეობაში არ ჩავარდნილა და არ ჩაბარებულა, არამედ დაგეგმა საკუთარი გაქცევა. ნუჟინი მოღალატეა. რუსი ერი, რუსები გენეტიკურად გრძნობენ მოღალატეობის სუნს". – თქვა პრიგოჟინმა ყოფილი ვაგნერელის მკვლელობის კადრებზე და ამ სიტყვებს რუსული ელიტის კრიტიკა მოაყოლა.

"მაგრამ არ დაგავიწყდეთ, არსებობენ არამხოლოდ ის მოღალატეები, რომლებიც ავტომატს აგდებენ და მტერთან მიდიან, ღალატობენ საკუთარ ერსა და სამშობლოს. მოღალატეთა ნაწილი კაბინეტებში ზის, არ ფიქრობენ საკუთარ ხალხზე. მათი ნაწილი საკუთარი ბიზნეს-ჯეტებით (კერძო თვითმფრინავებით) მიფრინავენ ქვეყნებში, რომლებიც ჯერჯერობით ნეიტრალურები გვეჩვენება. მიფრინავენ, რათა დღევანდელ პრობლემებში მონაწილეობა არ მიიღონ. ისინიც მოღალატეები არიან". – დაამატა პრიგოჟინმა.


ევგენი პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფთან კავშირი პირველად 2022 წლის სექტემბერში აღიარა. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ვაგნერის ჯგუფს აქტიურად იყენებს.

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ყველაზე ცნობილია.

პრიგოჟინს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

31 ოქტომბერს პრიგოჟინმა სანქტ-პეტერბურგში გამოაცხადა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ცენტრის დაარსება.

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 31 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი პოლიტიკურ ძალაუფლებას იმყარებს.

კომენტარები