კოსოვო-სერბეთი

ბორელი: ჩრდილოეთ კოსოვოში ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ შეთანხმება მიღწეულია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, შეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ეთნიკურად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში მიღწეულია. 

22 ივნისს ბრიუსელში ბორელმა ცალკე მოლაპარაკებები გამართა კოსოვოს პრემიერმინისტრთან, ალბინ კურტისთან და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან. მოლაპარაკებების შემდეგ, ბორელმა, ასევე მოითხოვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სამი კოსოვოელი პოლიციელი, რომლებიც ამ თვის დასაწყისში სერბეთმა გაურკვეველი გარემოებების ფონზე დააკავა. 

"შევთანხმდით ახალი არჩევნების აუცილებლობაზე... მიუღებელია პატიმრების თვითნებური დაპატიმრებები ან არასათანადო მოპყრობა". - წერს Twitter-ზე ბორელი. 

სერბულმა ძალებმა კოსოვოს პოლიციის 3 ოფიცერი 14 ივნისს დააკავეს


დაახლოებით 50 000 სერბი, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობს და მთლიანი მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, კვლავ უარს ამბობს კოსოვოს ინსტიტუტებში მუშაობაზე, მათ შორის პოლიციაში, სასამართლოსა და მუნიციპალურ მთავრობებში. ამასთანავე, მათ აპრილის ადგილობრივ არჩევნებს ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ბოიკოტი გამოუცხადეს. შედეგად, ეთნიკურ ალბანელებს საბჭოების კონტროლის შესაძლებლობა მიეცათ. 

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კოსოვო აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ძირითადი ქვეყნების მიერ, მაგრამ სერბეთი, რომელსაც მხარს უჭერს მისი მოკავშირე რუსეთი, უარს ამბობს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამ უკანასკნელის წინააღმდეგია კოსოვოს შიგნით მცხოვრები ეთნიკური სერბებიც.

მაისში პოლიციასა და კოსოვოელ სერბებს შორის მძიმე შეტაკებები დაიწყო. 26 მაისს ათობით სერბი და ხუთი კოსოვოელი პოლიციელი დაშავდა. ამ მოვლენების პარალელურად, სერბეთმა კოსოვოს საზღვრების მახლობლად სამხედროები მაღალ მზადყოფნაზე გადაიყვანა.

კოსოვოელი სერბები ახალარჩეულ მერებს ხელს უშლიდნენ ადმინისტრაციულ შენობებში შესვლაში, რის პასუხადაც პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და მაღალჩინოსნები შენობებში შევიდნენ.

აშშ-მ და ევროკავშირმა დაგმო კოსოვოს მთავრობის მიერ ძალის გამოყენება.

პარასკევს, 26 მაისს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ "სერბეთი უსაქმოდ არ იჯდება, როცა ჩრდილოეთ კოსოვოში სერბებს თავს ესხმიან".

შემთხვევის შემდეგ, 30 მაისს NATO-მ კოსოვოში დამატებითი 700 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

2 ივნისს კოსოვოს პრეზიდენტმა, ვიოსა ოსმანიმ დაადასტურა, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ ჩრდილოეთ კოსოვოს ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რაზე მსჯელობაზეც მან მზაობა გამოთქვა.

კომენტარები