კოსოვო-სერბეთი

სერბეთმა კოსოვოს პოლიციის 3 ოფიცერი დააკავა

REUTERS/Valdrin Xhemaj

პრიშტინა და ბელგრადი ადასტურებენ, რომ 14 ივნისს სერბულმა ძალებმა კოსოვოს პოლიციის 3 ოფიცერი დააკავეს, თუმცა დაპირისპირებული მხარეები დაკავების ლოკაციაზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კოსოვოს პრემიერმინისტრმა, ალბინ ქურთიმ პოლიციის დაკავებული ოფიცრების გათავისუფლება მოითხოვა და თქვა, რომ ისინი კოსოვოს ტერიტორიაზე, სერბეთის საზღვრიდან 300 მეტის სიღრმეში დააკავეს.

“კოსოვოს ტერიტორიაზე სერბული ძალების შემოსვლა აგრესიაა და სიტუაციის ესკალაციასა და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად”. - დასძინა ქურთიმ.

კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელების დაკავების საპასუხოდ საზღვარზე სერბული სანომრე ნიშნებითა და სერბული პროდუქტით მოძრავი ყველა სატვირთოს შეჩერების ბრძანება გასცა.

მომხდარს გამოეხმაურა ოფიციალური ბელგრადიც. კოსოვოს საკითხებში მთავრობის ოფისის თავმჯდომარის, პეტარ პეტკოვიჩის თქმით პოლიციელები სერბეთის ტერიტორიაზე, საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელ გნილიცაში დააკავეს.

შესაძლოა, დაკავებებმა კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ძირითადად სერბები ცხოვრობენ, არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავოს.


დაახლოებით 50 000 სერბი, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობს და მთლიანი მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, კვლავ უარს ამბობს კოსოვოს ინსტიტუტებში მუშაობაზე, მათ შორის პოლიციაში, სასამართლოსა და მუნიციპალურ მთავრობებში. ამასთანავე, მათ აპრილის ადგილობრივ არჩევნებს ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ბოიკოტი გამოუცხადეს. შედეგად, ეთნიკურ ალბანელებს საბჭოების კონტროლის შესაძლებლობა მიეცათ. 

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კოსოვო აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ძირითადი ქვეყნების მიერ, მაგრამ სერბეთი, რომელსაც მხარს უჭერს მისი მოკავშირე რუსეთი, უარს ამბობს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამ უკანასკნელის წინააღმდეგია კოსოვოს შიგნით მცხოვრები ეთნიკური სერბებიც.

მაისში პოლიციასა და კოსოვოელ სერბებს შორის მძიმე შეტაკებები დაიწყო. 26 მაისს ათობით სერბი და ხუთი კოსოვოელი პოლიციელი დაშავდა. ამ მოვლენების პარალელურად, სერბეთმა კოსოვოს საზღვრების მახლობლად სამხედროები მაღალ მზადყოფნაზე გადაიყვანა.

კოსოვოელი სერბები ახალარჩეულ მერებს ხელს უშლიდნენ ადმინისტრაციულ შენობებში შესვლაში, რის პასუხადაც პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და მაღალჩინოსნები შენობებში შევიდნენ.

აშშ-მ და ევროკავშირმა დაგმო კოსოვოს მთავრობის მიერ ძალის გამოყენება.

პარასკევს, 26 მაისს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ "სერბეთი უსაქმოდ არ იჯდება, როცა ჩრდილოეთ კოსოვოში სერბებს თავს ესხმიან".

შემთხვევის შემდეგ, 30 მაისს NATO-მ კოსოვოში დამატებითი 700 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

2 ივნისს კოსოვოს პრეზიდენტმა, ვიოსა ოსმანიმ დაადასტურა, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ ჩრდილოეთ კოსოვოს ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რაზე მსჯელობაზეც მან მზაობა გამოთქვა.

კომენტარები