საქართველოს საპატრიარქო

მამა ლეონი: მხოლოდ უთავმოყვარეო ადამიანი მიულოცავს ომის გამმართლებელ კირილს იუბილეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნამდვილად არ იყო სუდარაგადაფარებული კათოლიკოს ილიას აღსაყდრებისას.

ამ ეკლესიამ მრავალი ტანჯვა და უბედურება გადაიტანა უკანასკნელ საუკუნეში, თუმცა მაინც ამაყად იდგა ფეხზე კირიონის, ამბროსის და სხვა ღირსეულ მღვდელთა თუ ეკლესიაში მყოფ საეროთა წყალობით.

90-იანი წლების შემდეგ, ეკლესიის წევრთა მატება იყო არა რომელიმე კონკრეტული პიროვნების დამსახურება, არამედ მაშინდელი ურაპატრიოტული ეპოქის დამსახურება, იმ პერიოდში სულ რომ უსულო საგანი დაენიშნა ვინმეს კათოლიკოს-პატრიარქად, ეკლესიის წევრთა რიცხვი მაინც გაიზრდებოდა, რადგან ქართველები ყოველთვის ვაკავშირებდით ერთმანეთთან რწმენასა და პატრიოტიზმს, ხშირად ფსევდოპატრიოტიზმსაც.

ეკლესიის რიცხვი გაიზარდა არა გააზრებულად მორწმუნე საზოგადოების ხარჯზე, არამედ გარკვეული პატრიოტული სულისკვეთების თუ უბრალოდ მოდას აყოლილი ადამიანებით. არც ეს იყო ტრაგედია, უბრალოდ ერთადერთი, რაც ეკლესიას უნდა გაეკეთებინა უკვე სავსე ეკლესიებში, ამ ხალხისთვის მიეცა ის, რაც ქრისტიანობამ უნდა გასცეს - რწმენა, აზროვნება, სიყვარული, სოციალური თანადგომა, ურთიერთდახმარება და სხვა მრავალი დადებითი, ადამიანებისათვის საინტერესო, საჭირო და მნიშვნელოვანი რამ.

ეკლესია ასე არ მოიქცა, ქრისტიანობა ვერ იქადაგა, სიყვარულის მაგალითი ვერ აჩვენა, ბოროტება, ძალმოსილება, ანგარება დაანახა მრევლს და ეს მრევლიც გაქრა.

ახლა უკვე, კვირა დღეს თბილისის საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი ასრულებს წირვას, ეკლესიის მესამედიც კი ვერ ივსება იქ მყოფი მრევლით, არც სხვა მრავალ ტაძარშია უკეთესობა.

სამწუხაროდ, პატრიარქმა ილიამ მთელი ცხოვრება არა ეკლესიის, არამედ საკუთარი რეპუტაციის, ავტორიტეტის მოხვეჭას მოახმარა, სიცოცხლის ბოლოს კი ესეც ვერ შეინარჩუნა.

მხოლოდ უთავმოყვარეო, არაქრისტიან ადამიანს შეუძლია დღეს ომის გამმართლებელ რუს პატრიარქს მიულოცოს დაბადების დღე და მას ღვთის წყალობა უსურვოს.

პ.ს. არაერთი ჟურნალისტი დამიკავშირდა დღეს, მგონი ყველას ჯერ ვერც ვუპასუხე, არ ვაპირებ უფრო მეტ საუბარს იმ ადამიანზე, რომელიც მადლობა ღმერთს, ჩემი პატრიარქი არ არის, ვისიც არის და მათგან ვისაც ღირსება აქვს, მან ისაუბროს, მან იყვიროს, მან ამხილოს, ქრისტიანული ვალდებულებაა ეს.

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელ-მონაზონი ლეონ გელოვანი რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვაზე. საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს უსურვებს "ჯანმრთელობასა და ყველა ღვთიურ სიკეთეს". ასევე, "თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას, ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის".

კომენტარები