რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთში

ერდოღანი: მჯერა, რომ პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან რუსეთს კავშირი არ აქვს

Adem Altan/AFP/Getty Images

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის პატივს ცემს რუსეთის განცხადებას, რომ რუსული რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე არ ჩამოვარდნილა. ერდოღანის თქმით, მას სჯერა, რომ რუსეთს ამ აფეთქებასთან კავშირი არ აქვს.

"რუსეთი ამბობს, რომ პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი არ აქვს. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტები რუსეთიდან გაესროლათ". - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ინდონეზიაში გამართულ ბრიფინგზე.

ერდოღანმა თქვა, რომ არსებული სიტუაცია გამოძიებას საჭიროებს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც ის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდება, ვლადიმირ პუტინთან ისაუბრებს.

16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების ცნობით, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მტკიცებითაც, ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

აღსანიშნავია, რომ რუსულ რაკეტებს უკრაინის მეზობელი ქვეყნების საზღვრები აქამდე დაურღვევიათ. 31 ოქტომბერს მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მიერ მოგერიებულმა რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

 

კომენტარები