ენმ

ცისკარიშვილი ენმ-ზე: არ ვიცი, სააკაშვილზე ნაყოფიას ინტერპრეტაციით, როგორ გავაკეთო დასკვნა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ პარტიაში მიმდინარე მოვლებზე მიხეილ სააკაშვილს თუ დასჭირდა, განაცხადებს. ამის შესახებ ცისკარიშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა რომ კობა ნაყოფიას ინტერპრეტაციიდან დასკვნებს ვერ გამოიტანს. 

"მიხეილ სააკაშვილი არ ჩარეულა [ენმ-ს] არც წინა არჩევნებზე, არც იმის წინა არჩევნებზე. თვითონ თუ დასჭირდება კონკრეტული კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თქვენთან, ჩვენთან - არ უჭირს მიშას, გააკეთებს ამას სოციალური ქსელის საშუალებით. არ ვიცი, კობა ნაყოფიას ინტერპრეტაციით, როგორ გავაკეთო დასკვნა. აქედან თუ შემიძლია რომ გამოვიტანო ჩემი შეხედულებები და დასკვნები, არის ის, რომ როგორც არ ერეოდა მიხეილ სააკაშვილი ასეთ შიდა პრაიმერულ პროცესებში, არ აპირებს არც ამ ჯერზე იმიტომ, რომ თუ ჩაერია, აზრს კარგავს. თუ ნეიტრალური არ იქნება სააკაშვილი, მთელი ეს პრაიმერისი და საარჩევნო პროცესი აზრს კარგავს. იმიტომ რომ ყველა, აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მეგობრების, მხარდამჭერების და პარტიის წევრები, გაიზიარებენ მის შეხედულებას. მაშინ, რაღა აზრი აქვს ამ კანდიდატებს და არჩევნებს. ამიტომაც ის გვერდზე დგება, როგორც წესი".- ამბობს ცისკარიშვილი. 

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ თქვა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს პარტიაში მიმდინარე მოვლენები არ მოსწონს და არც პროცესებში ერევა. 

"მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. აი, ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რომ რა დროს ეგ არის. მიხეილ სააკაშვილს არასდროს მიაჩნდა, რომ... ჩვენი ენერგია, ძალა, ახლა უნდა იყოს მიმართული სხვა საკითხებთან მიმართებაში ანუ ჩვენ ახლა უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და არა ნაციონალური მოძრაობა".- თქვა ნაყოფიამ. 


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 9 ნოემბერს ისაუბრა. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება", ნაწილის აზრით, შიდაპარტიულ თემაზე ბრიფინგის ჩატარება და მოთხოვნის ეს ფორმა "უცნაური და დასანანია", ენმ-ში კი ახლა "რაღაც თანამდებობაზე" ლაპარაკის დრო არ არის. წევრები ამბობენ, რომ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა.  

მოგვიანებით, ბრიფინგი გამართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა – მისივე სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.

პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობენ, რომ ისინი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. პოსტზე საკუთარი კანდიდატურები წამოაყენეს ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ და აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

ენმ-ს გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებზე საუბარი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ოლიგარქობაში დასდო ბრალი.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება.

კომენტარები